ბაქარ ბერეკაშვილი - საქართველომ ვერ შეძლო იმ წარსულის გადაფასება, რომელიც მემარჯვენე ტიპის ავტორიტარულ რეჟიმთან იყო დაკავშირებული
სამწუხაროდ, საქართველომ ვერ შეძლო იმ წარსულის გადაფასება, რომელიც წინა, მემარჯვენე ტიპის ავტორიტარულ რეჟიმთან იყო დაკავშირებული, – ამის შესახებ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, ანალიტიკოსმა ბაქარ ბერეკაშვილმა განაცხადა.
„პოლიტიკურ ცხოვრებაში, რიტორიკულ დონეზე, რაღაც მცდელობა იყო, მაგრამ როცა წარსულის გადაფასებაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ეს კულტურული და სოციალური ცხოვრებიდან დაიწყოს; ანუ, ადამიანებმა, საზოგადოებამ იცოდეს, თუ რასთან გვქონდა საქმე“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, წარსულის გადაფასების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი და კულტურული პროექტიც კი, იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაში.
„ეს მხოლოდ პოლიტიკოსებს შორის საუბრის საგანი არ ყოფილა. ეს იყო ჩვეულებრივ ადამიანებს შორის საუბრის საგანი, თუ რა იყო წარსულში. მომავლის დღის წესრიგის განსაზღვრისთვის ეს მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბაქარ ბერეკაშვილმა.