ბანანის გენომი მიუთითებს მალულ სახეობებზე, რომელთა პოვნაც სასწრაფოდ არის საჭირო ამ მცენარის გადასარჩენად — #1tvმეცნიერება
ბანანის ისტორია იმაზე რთულია, ვიდრე შეიძლება წარმოგედგინოთ, თუ რა თქმა უნდა, ამის შესახებ ოდესმე გიფიქრიათ.
დაახლოებით 7000 წლის წინ, ოკეანეთის საზოგადოებებმა შერჩევითად დაიწყეს ველური მცენარე Musa acuminata-ს გაზრდა. დროთა განმავლობაში, ამ მცენარის ნაყოფი ჩამოყალიბდა იმ ცნობილ ტკბილ, უთესლო, შეფუთულ ბანანებად, რომლებიც ყველას ასე შეგვიყვარდა.
სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მიერ მოხმარებულ ბანანთა უმეტესობა ერთი სახეობის კლონებია. დაავადებებთან ბრძოლაში მრავალფეროვანი გენეტიკური მიდგომების გარეშე, ერთ რომელიმე დაავადებას მის სრულად გასანადგურებლად დიდი დრო არ დასჭირდება.
ბანანის სხვადასხვა კულტივარისა და მათი ველური ნათესავების გენომთა დეტალური კვლევის შედეგად, მეცნიერებმა მიაგნეს ნიშნებს, რომელთა მიხედვითაც, ბანანის ნათესავებმა მის განვითარებაში გარკვეული წვლილი შეიტანეს; გაჩნდა იმის მტკიცებულებაც, რომ მათ შორის იმალება სამი აქამდე აღუწერელი სახეობა ან ქვესახეობა.
მათ შესახებ უფრო მეტის გარკვევამ კი შეიძლება ახალი გზები შემოგვთავაზოს უკვე არსებულ სახეობათა დასაცავად მავნებლებისა და ინფექციური დაავადებებისგან.
ბანანის სხვადასხვა სახეობას შეუძლია ჰქონდეს ყოველი ქრომოსომის ორი (დიპლოიდი), სამი (ტრიპლოიდი) ან ოთხი (ტეტრაპლოიდი) ასლი, რაც ამ მცენარის ევოლუციური ისტორიის გარკვევას უფრო ართულებს.
უახლეს კვლევაში, 226 სხვადასხვა ბანანის ფოთლის ექსტრაქტის გენეტიკური ანაბეჭდების გამოსავლენად, მეცნიერებმა გენეტიკური სეკვენირების მეთოდები გამოიყენეს. ველური და მოშინაურებული ქვესახეობების შედარების შედეგად, ჯგუფმა დღევანდელი ბანანის წინაპრების „ოჯახური ხე“ შექმნა.
„კვლევაში ვაჩვენეთ, რომ დღევანდელი კულტივირებული დიპლოიდი ბანანების უმეტესობა, რომლებიც ველური ბანანის, M. acuminata-ს შთამომავლები არიან, სხვადასხვა ქვესახეობათა ჰიბრიდებს წარმოადგენს“, — ამბობს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო ალიანსის მკვლევარი ჯული სარდოსი.
მისი განცხადებით, ამ შერეული გენომის ჩამოყალიბებაში, ათასობით წლის წინ წვლილი უნდა შეეტანა სულ მცირე სამ ველურ, იდუმალ წინაპარს, რომლებიც ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.
მკვლევართა აზრით, ამ სამი იდუმალი წინაპრიდან ორი იგივეა, რომლებიც წარსულში უკვე გამოავლინეს სხვადასხვა გენეტიკური მიდგომის გამოყენებით, მაგრამ ახლა უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს ბანანის ოჯახური ხის ისტორიაში არსებულ ამ ნაპრალთა შესახებ; ვიცით ისიც, სად არიან საერთო გენომები.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბუნებაში არსებობს ბანანის ისეთი სახეობები ან ქვესახეობები, რომლებიც მეცნიერებს არასოდეს ჩაუწერიათ ან აღურიცხავთ.
„ჩვენი პირადი რწმენა ის არის, რომ სადღაც, ველურ ბუნებაში, ისინი დღემდე არსებობს, მეცნიერთა მიერ ისინი ან მწირად არის აღწერილი, ან საერთოდ არ არის და სავარაუდოდ, საფრთხის ქვეშაც არიან“, — ამბობს სარდოსი.
ამის შემდეგ, ჯგუფმა სცადა გაერკვია, სად შეიძლება იზრდებოდეს ეს იდუმალი, ნაკლული სახეობები; ამისათვის, ერთმანეთს შეადარეს ჩვენთვის ცნობილ მსგავს ბანანთა სახეობები და მსოფლიოში მათი ადგილმდებარეობები.
გაირკვა, რომ ერთ-ერთი მათგანი გავრცელებული უნდა იყოს ტაილანდის ყურესა და სამხრეთ ჩინეთის ზღვას შორის, ერთი კუნძულ ბორნეოს ჩრდილოეთ ნაწილსა და ფილიპინებს შორის, ერთი კი კუნძულ ახალ გვინეაზე.
მკვლევართა განცხადებით, ამ ნაკლულ წინაპართა პოვნა გადაუდებელი საკითხია და ეს მათ მიერ შემოთავაზებული ბიომრავალფეროვნების დაცვის საშუალებას მოგვცემს, საბოლოოდ კი, მომავალში შევძლებთ უკეთესი ბანანების კულტივირებას.
„მომშენებლებს სჭირდებათ, რომ იცოდნენ დღევანდელი, მოშინაურებული დიპლოიდი ბანანების გენეტიკური შემადგენლობა, რათა ისინი სხვადასხვა კულტივარებთან შეადარონ; ეს კვლევა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მრავალი ასეთი კულტივარის დეტალური დახასიათებისკენ“, — აღნიშნავენ მკვლევრები.
კვლევა Frontiers in Plant Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია frontiersin.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.