ბაკურ კვაშილავა - არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ინსტიტუტებზე შეტევა არის ჩვეულებრივი, ძალიან ადვილი სტრატეგია
ბაკურ კვაშილავა - არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ინსტიტუტებზე შეტევა არის ჩვეულებრივი, ძალიან ადვილი სტრატეგია

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ინსტიტუტებზე შეტევა არის ჩვეულებრივი, ძალიან ადვილი სტრატეგია, – ამის შესახებ სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, ბაკურ კვაშილავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„იმიტომ, რომ საქართველო არ არის დემოკრატიული ქვეყანა, არც ერთი დეფინიციით და აქედან გამომდინარე, შენ არ გაქვს შტოებს შორის წონასწორობის ბალანსი. მთელი მსოფლიო თვლის, რომ სასამართლო ხელისუფლების დავალებებს ასრულებს, როგორც ადრე, ისე ახლა. ამიტომ, შეგიძლია, ნებისმიერი ინსტიტუცია გააპროტესტო; გააპროტესტო და ამით შექმნა რევოლუციური სცენარი. ნებისმიერი გამარჯვება, რომელიც ოპოზიციისთვის დამდგარა, ასე თუ ისე, რევოლუციური სცენარით იყო – 2003-იც და 2012-იც. მერე რა, რომ ფორმალურად, ეს არჩევნების გზით მოხდა?! იქ ფაქტობრივად, რევოლუციური სცენარი იყო, ხალხი საარჩევნო უბნებთან ათენებს და ა.შ, რაც ნორმალური დემოკრატიული პროცესი არ არის. პოლიტიკური დავები აქეთ მიდის, რაც იციან. მეტის გამოცდილება აქ არ არის“, – განაცხადა კვაშილავამ.

ამ განცხადებით ბაკურ კვაშილავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ მოვედით დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ ისევ იქ, საიდანაც დავიწყეთ, როცა თუ კონკრეტული ჯგუფისთვის ესა თუ ის პერსონა მიუღებელია, თავად ინსტიტუციაც მიუღებელი ხდება და მაგალითად, თუ კონკრეტულ ჯგუფს პრეზიდენტი არ მოსწონს, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ მუშაობს.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ არის ქვეყანაში ისეთი რეალობა, როცა პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობას გარე მოდერატორი აწესრიგებს და რატომ არის შეუძლებელი კრიზის განმუხტვა ადგილობრივ დონეზე, კვაშილავამ აღნიშნა, რომ არსებული სისტემით გამარჯვებულმა ყველაფერი უნდა წაიღოს ისე, რომ მეორე მხარისთვის საკითხავი არაფერი ჰქონდეს.

„შესაბამისად, მეორე მხარის მოტივაციას ის არის, რომ თუ გარკვეულ მიღწევაზეა საუბარი, ეს უნდა სრული გამარჯვება. იმიტომ, რომ რაღაც შუალედური არ არსებობს“, – განაცხადა კვაშილავამ.

შეკითხვაზე, რას აკეთებენ პოლიტიკური ძალები ამ რეალობის შესაცვლელად, ბაკურ კვაშილავამ განაცხადა, რომ ისინი ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ, რადგან მთავარ პოლიტიკურ ძალებს ეს მდგომარეობა აწყობთ.

„ქართულ ოცნებას“ მიაჩნია და ჯერჯერობით, ეს მართლდება კიდეც, რომ ნებისმიერ არჩევნებში მოუგებს „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ ის იქნება მეორე ნომერი. იმიტომ, რომ მას შეუძლია, „ნაციონალური მოძრაობა“ წამოიკიდოს იმ თემებზე, რითაც 2012 წელს გაიმარჯვა და ეს თემები ყოველთვის აქტუალური იქნება. „ქართულმა ოცნებამ“ რაც არ უნდა გააკეთოს, შეუძლია, თქვას, რომ ისინი უარესს აკეთებდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნებისთვის“ აი, ამიტომ არის ოპტიმალური მეორე ძალა, რადგან მიაჩნია, რომ ამ პარტიას ნებისმიერ მომენტში უგებს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კი მესამე დონეზე გადასვლა, რომ მესამე ძალა იყოს, აბსოლუტურად მიუღებელია. თუ მან მეორე ძალის სტატუსი არ შეინარჩუნა, კარგავს მთელ პოლიტიკურ გავლენას და გალვანიზაციას იმ მხარდამჭერებისა, რომელიც ჰყავს. ამიტომ, მათთვისაც მნიშვნელოვანია, იყოს თუნდაც, მეორე ძალა და მაქსიმალურად გაიზარდოს ამ კრიზისის მდგომარეობა, როდესაც მოსახლეობა იმ დონეზე მივა, რომ თქვას – კარგი, თქვენ იყავით 16 ან 20 წელი და ახლა ამათაც აცადეთ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ეს არ იყოს მოსახლეობის საუკეთესო არჩევანი, მაგრამ იქნება ერთადერთი ალტერნატივა“, – განაცხადა კვაშილავამ.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის, რომ ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, რადგან ორ მთავარ ძალას ასეთი მდგომარეობა აწყობს.

„ურჩევნია, ბოლომდე წავიდეს, სანამ სრულ გამარჯვებამდე არ მივა. იმიტომ, რომ აქამდე არ ყოფილა კომპრომისის და თანამშრომლობის არც ტრადიცია, არც გამოცდილება და არც კარგი მაგალითი“, – განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.