ბაკურ კვაშილავა - ვფიქრობ, უკრაინას შესწევს ძალა, აგრესორს წინააღმდეგობა გაუწიოს, რადგან ისინი საკუთარ მიწას იცავენ და მათი ომის სამართლიანია
ბაკურ კვაშილავა - ვფიქრობ, უკრაინას შესწევს ძალა, აგრესორს წინააღმდეგობა გაუწიოს, რადგან ისინი საკუთარ მიწას იცავენ და მათი ომის სამართლიანია

ბაიდენის განცხადება მოსასმენად მართლაც მძიმე იყო, რადგან გაცილებით მეტს ველოდით, – ასე უპასუხა პოლიტოლოგმა, ჯიპა-ს სამართლის და პოლიტიკის სკოლის დეკანმა ბაკურ კვაშილავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, როგორ შეაფასებს ბაიდენის განცხადებას, რამდენად ადეკვატური და მძიმე იყო მისი განცხადებები და ექნება თუ არა ახალ სანქციებს რუსეთის შემაკავებელი ეფექტი.

„უკრაინა და ყველა, ვინც ამ მოვლენებს თვალს ვადევნებთ, ველოდით გაცილებით მეტს. მინიმუმ, იმას, რომ რუსეთი გაირიცხებოდა სვიფტის ზონიდან. ეს არ მოხდა და საუბარი იყო ისეთ სანქციებზე, რომელიც წლების შემდეგ დააზიანებს რუსეთის ტექნოლოგიას ისე, რომ ის საკუთარი არმიის განვითარებას ვერ მოახერხებს. ძალიან საწყენია, რომ ევროპის რიგი ქვეყნები ჯერჯერობით, რჩებიან იგივე აზრზე და უფრთხილდებიან საკუთარ ფინანსურ ინტერესებს. იგივე იტალია, უნგრეთი, კვიპროსი, გერმანია, როგორც ჩანს, არიან სვიფტიდან რუსეთის გარიცხვის წინააღმდეგი და რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის სანქციებით ძალიან რთული იქნება რუსეთის შეჩერება. იმედი მაქვს, მომავალში შედგება ეს კონსენსუსი და ევროპის ყველა ქვეყანა დარწმუნდება, რომ რუსეთთან ასეთი შეზღუდული ფორმის ეკონომიკური სანქციებით დიდი რამის მიღწევა შეუძლებელია. ისიც ძნელი სათქმელია, რომ სვიფტი დღეს და ხვალ შეაჩერებდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას, მაგრამ ფაქტია, უფრო მკაცრი ზომები იყო საჭირო“, – განაცხადა კვაშილავამ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, არის თუ არა კიევი რუსეთის სამიზნე, ბაკურ კვაშილავამ განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, კიევი არის რუსეთის სამიზნე, შემდეგი ორი-სამი დღის განმავლობაში გადაწყდება, შეძლებს თუ არა უკრაინა ეფექტიანი წინააღმდეგობის გაწევას და რამდენი ხნით მოახერხებს ამას.

„სწორედ ამ დროს იყო მნიშვნელოვანი, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უფრო ქმედითი ყოფილიყო, მაგრამ ვფიქრობ, უკრაინას შესწევს ძალა, აგრესორს წინააღმდეგობა გაუწიოს. იმიტომ, რომ ისინი საკუთარ მიწას, სამშობლოს იცავენ და მათი ომის სამართლიანია, რუსებისგან განსხვავებით, რომლებიც მიდიან იმისთვის, რომ იქ იმპერია აღადგინონ. რაც უფრო დიდხანს გაძლებს უკრაინა ისე, რომ არ ჩამოიშლება, ჯარი არ დანებდება და არ გადაწყვეტს, რომ წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, რაც რუსეთის მთავარი ამოცანაა, ვთვლი, რომ თანდათან, რუსეთის მიმართ სანქციებიც მეტი იქნება, უკრაინა დასავლეთისგან დახმარებასაც უფრო ქმედითს მიიღებს და რუსეთს ძალიან გაუჭირდება უკრაინაში იმ ხალხის დამორჩილება, რომელსაც ის არ სურს“, – განაცხადა კვაშილავამ.

ბაკურ კვაშილავამ ასევე განაცხადა, რომ ახლა, უკრაინა ძირითადად, მარტოა.

„ასე ჩანს, რომ უკრაინა ახლა, ძირითადად, მარტოა. მსოფლიოში ყველა, ვისაც სინდისი, ლოგიკა და რაციონალურობა შერჩენია, ხვდება, რომ ახლა უკრაინის მხარეს უნდა იდგეს. დარწმუნებული ვარ, რაც მეტი დრო გავა, მეტი ადამიანი მოახერხებს უკრაინის მხარდაჭერას, იმის მიუხედავად, რას იზამენ ოფიციალურად სხვადასხვა სახელმწიფოები“, – განაცხადა კვაშილავამ.

მისი თქმით, საქართველო, დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმებით და მათთან ჰარმონიაში, უნდა შეუერთდეს ყველა იმ ზომას, რაც საჭიროა.

„ჩვენ შეგვიძლია, ასეც ვიმსჯელოთ, რომ საქართველომ შეიძლება, უფრო მკაცრი სანქციებიც კი გამოიგონოს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ეს უბრალოდ, მართლაც ქარის წისქვილებთან ბრძოლა იქნება და ეს არ არის სწორი მიდგომა. სწორი მიდგომა იქნება ის, რომ საქართველოს ჰქონდეს მჭიდრო კონსულტაციები ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან და მათთან ერთად მიიღოს მონაწილეობა ყველა იმ პროცესში, რომელიც უკრაინას დაეხმარება“, – განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.