ბაკურ კვაშილავა - პრემიერის განცხადებიდან არ ჩანს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მარტო რჩება
ბაკურ კვაშილავა - პრემიერის განცხადებიდან არ ჩანს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მარტო რჩება

პრემიერის განცხადებიდან არანაირად არ ჩანს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მარტო რჩება, – განაცხადა „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, პოლიტოლოგმა ბაკურ კვაშილავა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ასეთი დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. რა თქმა უნდა, უმთავრესია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა ჩვენს დასავლელ მოკავშირეებთან სრულ ჰარმონიასა და თანხვედრაში იყოს, მაგრამ რეალურად, ჩვენ არ ვიცით, იყო თუ არა ეს გზავნილები ჩვენს ძირითად პარტნიორებთან შეთანხმებული. სავარაუდოდ, იყო, რადგან ნებისმიერი სვლა, რასაც საგარეო მიმართულებით საქართველო აკეთებს, ჩვენს მთავარ მოკავშირეებს უნდა ეცნობოს“, – განაცხადა კვაშილავამ.

მისი თქმით, რუსეთის მიმართ გაკეთებული მშვიდობის გზავნილი იმას არ ნიშნავს, რომ ამით ევროპასა და პარტნიორებს ჩამოვშორდით

„მეტიც, ეს ისეთი გზავნილია, რომელიც ჩვენს უცხოელ პარტნიორებს საშუალებას მისცემს, საქართველოს მხარში უფრო მჭიდროდ და მყარად დაუდგნენ“, – განაცხადა კვაშილავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია, საგარეო საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკურმა ძალებმა პოზიციების შეჯერება მოახერხონ, ბაკურ კვაშილავამ განაცხადა, რომ ძირითად პრინციპულ საკითხზე, რომ რუსეთი ოკუპანტია და მისი კონფლიქტის მხარედ წარმოჩენა საჭიროა, ყველა თანხმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხერხდეს კონკრეტული დეტალების შეჯერება, რადგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ის ცენტრალური საკითხია, რომლის გარშემოც ყველა უნდა გაერთიანდეს.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, რუსეთთან კონსტრუქციული დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველომ თავი არასდროს არ უნდა შეიკავოს იმ პირების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისგან, ვინც გიგა ოთხოზორიასა და, დიდი ალბათობით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ჩაიდინა.

„რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ თუ ვთქვათ, ქვეყნების დონეზე კონსტრუქციული მიდგომა არსებობს, ამის მიუხედავად, დამნაშავეების მიმართ ასეთი მიდგომა არ შეიძლება“, – განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.