ბაკურ კვაშილავა - თითოეულმა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი თავი შეიყვანა ჩიხში, გამოუვალ მდგომარეობაში და ორივე მხრიდან დათმობა აღქმული იქნება, როგორც სისუსტე
ბაკურ კვაშილავა - თითოეულმა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი თავი შეიყვანა ჩიხში, გამოუვალ მდგომარეობაში და ორივე მხრიდან დათმობა აღქმული იქნება, როგორც სისუსტე

ორივე მხრიდან პოზიციები იმდენად არის ჩიხში შესული, რომ აქედან გამოსვლა ორივე ძალისთვის ძნელია, – ამის შესახებ სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, ბაკურ კვაშილავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ ალბათ არც ველოდით, რომ ევროკავშირი ამხელა ინტერესს გამოიჩენდა. ეს არის რაღაც ბონუსი, რომელიც გვერგო მთელი იმ განვლილი 10 თუ 15 წლის გამო, რომლითაც ჩვენ ვაჩვენეთ, რომ გვინდა, ევროატლანტიკური სივრცის წევრი ვიყოთ და როგორც ჩანს, ევროპამაც გადაწყვიტა, უფრო მეტად მიაქციოს ყურადღება საქართველოს, ვიდრე ამას ვთქვათ, 2000-იანი წლების დასაწყისში გააკეთებდა. დღეს საქართველო უფრო აღიქმება ევროპის ნაწილად და ეს ამიტომ არის გამოწვევა ევროკავშირისთვის. ეს დელეგაცია ურთულეს სიტუაციაში ჩამოვიდა და უწევს ისეთი საკითხების გადაჭრა, როცა პრაქტიკულად, ორივე ძალას ნათქვამი აქვს, რომ არც ერთ ნაბიჯს უკან არ გადადგამს და მათი ნებისმიერი განცხადება იმაზეა ხოლმე გათვლილი, რომ მათ ერთობას, ან სიმტკიცეს ვერავინ შეაშინებს და არსებობს წითელი ხაზები, რომელსაც ვერავინ გადალახავს“, – განაცხადა კვაშილავამ.

მისი თქმით, ამ პირობებში შეთანხმების მიღწევა ძალიან ძნელია და ამიტომ არის, რომ პროცესი ასე იწელება.

„მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ შეთანხმება ვერ შედგეს, მაგრამ შემდეგ რა მოხდება, ერთ-ერთ ვარიანტად მიმაჩნია ის, რომ შესაძლოა, ევროკავშირის დელეგაციამ თვითონ დადოს დოკუმენტი, რომელიც მიაჩნია, რომ უნდა იყოს საფუძველი. ანუ, უფრო დეტალური დოკუმენტი, ვიდრე ის ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია. სხვა მხრივ, ამ სიტუაციიდან საერთოდ შედეგის გარეშე გასვლა ევროკავშირისთვის არ იქნება მისაღები. ევროკავშირისთვის ძალიან დამამცირებელი იქნება ის, რომ აქ ამ პრობლემის გადაწყვეტა ვერ მოახერხოს ისე, რომ ეს ორი ძალა შეთანხმდეს“, – განაცხადა კვაშილავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები შექმნილ ვითარებაში, ბაკურ კვაშილავამ განაცხადა, რომ თუ საკითხი მოლაპარაკებების ნაწილია, ამ მოლაპარაკებების პროცესში არ უნდა იყოს არც ერთი საკითხი, რომელზე მოლაპარაკებაც არ მიმდინარეობს.

„თუ ითქვა, რომ ეს საკითხი არის დისკუსიის საგანი, მაშინ ის უნდა იყოს დისკუსიის საგანი, სანამ მოლაპარაკება არ დამთავრდება. ჩემი აზრით, თითოეულმა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი თავი შეიყვანა ჩიხში, გამოუვალ მდგომარეობაში და ამ საკითხზე ორივე მხრიდან დათმობა აღქმული იქნება, როგორც სისუსტე. რეალურად, „ქართულ ოცნებას“ მართლაც შეიძლება, ჰქონდეს შანსი, რომ იგივე რაოდენობის ხმები აიღოს, 40-დან 45 პროცენტამდე, მაგრამ დათმობა, რომ შეიძლება, ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, შესაძლოა, საზოგადოებაში აღქმული იქნას ასე – „ოცნებამ“ ხელისუფლებაზე უარი თქვა და ის დათმო მაშინ, როდესაც არ უნდა დაეთმო. აი, ეს არის ჩიხური სიტუაცია, რაზეც ვსაუბრობდი“, – განაცხადა კვაშილავამ.

როგორც კვაშილავამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ იმაში დარწმუნებულია, რომ თუ გამოძიება დაიწყება, დამტკიცდება, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მაგრამ იმაში არ არის დარწმუნებული, რომ თუ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით კომპრომისზე წავა, არ დაკარგავს მოსახლეობის იმ ნაწილის ხმებს, რომელიც თვლის, რომ ხმა უფრო ძლიერს უნდა მისცეს.

„ქართული ოცნება“ დარწმუნებული არ არის, რომ ამ შემთხვევაში არ დაკარგავს მოსახლეობის იმ ნაწილის ხმებს, რომელიც თვლის, რომ ხმა უფრო ძლიერს უნდა მისცეს, რომელიც უფრო სტაბილურია, უკან არ იხევს, თავის სიტყვას არ ტეხს და ა.შ. ღარიბაშვილიც ხომ ამიტომ აირჩიეს, რომ ამ ხალხში ეს განცდა გაეძლიერებინათ?! ასე რომ, ორივე ძალა საკუთარი წინა პოზიციების მსხვერპლი და მძევალია, რაც სამწუხარო მდგომარეობაა“, – განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.