ბადრი პატარკაციშვილის საქმის მოწმე - ურეკის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ დაგეგმილ სქემაზე ინფორმირებული იყვნენ სააკაშვილი და ადეიშვილი
ლევან ქარდავამ და გიორგი დგებუაძემ დამავალეს, რომ ნებისმიერი გზით, მათ შორის თვითდაზიანებების გზით მიმეღწია, დანაშაულისთვის დაეკავებინათ ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსი ჯემალ შამათავა, – ამის შესახებ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე, ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონო დაკავების ეპიზოდზე, პროკურატურის მთავარმა მოწმემ, ბადურ ბოტკოველმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა.
მოწმემ თქვა, რომ ქურდობის ინსცენირებისთვის მართლაც დააკავეს და ურეკის პოლიციის განყოფილებაში თვითდაზიანებები მიიყენა, რაც, ლევან ქარდავასა და გია დგებუაძის დავალების შესაბამისად, პოლიციის მაშინდელი უფროსს, ჯემალ შამატავას დააბრალა. სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე დააკავეს ჯემალ შამათავა.
„2006 წელს დამიკავშირდა გია დგებუაძე (კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი) და მთხოვა, მოდულის შენობაში მივსულიყავი. იმავე საღამოს მივედი. ოთახში დამხვდნენ ქარდავა და დგებუაძე. დგებუაძემ მითხრა, სამშობლოს სჭირდები და გვერდში დამიდექიო. მითხრა, რომ კორუმპირებული პიროვნება იყო ჯემალ შამათავა და მასთან საერთო ენა უნდა გამომენახა, რომ ქრთამი აეღო. იქ საუბრობდნენ ქარდავა და დგებუაძე, ფული რომ არ აიღოს, სხვა რა შეიძლება გავაკეთოთო. დაიგეგმა, რომ თუ შამათავა ქრთამს არ აიღებდა, იმ დონეზე მიმეყვანა, რომ ჩემთვის დაერტყა. ალტერნატივად განვიხილეთ, რომ ყველა ვარიანტში რამე უნდა მექნა, თუ ხელსაც არ დამადებდა, თვითდაზიანება უნდა მიმეყენებინა და მისთვის დამებრალებინა. ქარდავამ მითხრა ამას გააკეთებ ან რას გიზამ, კარგად იციო. ამ საუბარს ესწრებოდნენ ქარდავა და დგებუაძე“, – განაცხადა ბადურ ბოტკოველმა.
მოწმე იხსენებს, რომ წავიდა ურეკში და დაიწყო შამათავას შესწავლა. მან ასევე განაცხდა, რომ ამ ინსცენირებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ამ საქმეზე ლევან ქარდავასთან ერთად ბრალდებული დავით ქოქიაშვილი და ილია გამგებელი.
„ქოქიაშვილი ამ დროს ქობულეთში იყო. დაბინავების შემდეგ შევხვდი ქოქიაშვილს და ვინმე თეა წერეთელს. ასევე შეგვხვდნენ გია დგებუაძე, ბათუმის კუდ-ის უფროსი და მისი ბიჭი. იქვე იყო ილია გამგებელი. ჩვენს შორის შედგა საუბარი, რომ მე დანაშაული უნდა ჩამედინა, რათა ურეკის პოლიციას დავეჭირე და შევხვედროდი რამენაირად შამათავას. მითითებას გია დგებუაძე და ბათუმის კუდ-ის უფროსი პატარიძე მაძლევდნენ“, – განაცხადა მოწმემ.
ის იხსენებს, რომ შამათავას დაკავების გეგმის ინსცენირების ნაწილში უნდა გაეცნო თეა წერეთელი და მისთვის ოქროს სამკაული მოეპარა, რის შემდეგაც ურეკის პოლიცია დააკავებდა და შამათავასთან შეხვედრას ამ გზით შეძლებდა. მოწმის თქმით, ის დააკავეს და მასთან ოთახში შამათავა შევიდა, რომელსაც ქრთამს სთავაზობდა, თუმცა ეს გეგმა ჩაიშალა, რადგან განყოფილებაში ის იცნეს. ამის შემდეგ კი, მან თვითდაზიანებები მიიყენა და ურეკის პოლიციის უფროსს, ჯემალ შამათავას დააბრალეს, საბოლოოდ კი, შამათავა დააკავეს.
„ქრთამის თემა ჩაშლილი იყო. მერე მივიყენე თვითდაზიანებები. მაგიდას ჩამოვარტყი ტუჩი და სიგარეტი ჩავიწვი ხელზე. შემოვიდა გამომძიებელი და რა მოხდაო, მკითხა. ვუთხარი, რომ შამათავამ იძალადა. როდესაც მოსაღამოვდა, ოზურგეთში ჩამიყვანეს. მანქანაში იყვნენ გამომძიებელი და ის პიროვნება, ვინც მიცნო და მათ ვუთხარი, რომ დავალებაზე ვიყავი ჩასული“, – განაცხადა მოწმემ და განმარტა, რომ ქარდავასა და დგებუაძის დავალება პირნათლად შეასრულა, ჯემალ შამათავა დააკავებინა, თუმცა კუდ-ის მაღალჩინოსნები არ იყვნენ მისით კმაყოფილი, რადგან პოლიციელებს უთხრა, რომ ურეკში დავალების შესასრულებლად ჩავიდა. ამასთან, მოწმის თქმით, ჯემალ შამათავას წინააღმდეგ დაგეგმილი სქემის შესახებ ინფორმირებული იყვნენ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი.
საქმე ეხება ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებას, რაც გამოძიების ინფორმაციით, უკანონოდ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით ჯემალ შამათავას 2006 წელს დაუკავშირდნენ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები და აცნობეს, რომ ურეკში მდებარე ბადრი პატარკაციშვილის სახლიდან მოეხსნა დაცვა, რადგან გაფრთხილების სახით უნდა მომხდარიყო გასროლა, რათა ბადრი პატარკაციშვილს პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა.
ჯემალ შამათავამ კი ამის შესახებ აცნობა პატარკაციშვილის დაცვას. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამის გამო ურეკის პოლიციის მაშინდელ ხელმძღვანელის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები დაიგეგმა და ის გაასამართლეს.
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი, დავით ქოქიაშვილი და ილია გამგებელი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობენ. ლევან ქარდავა კი ბრალს არ ეთანხმება.
ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე, თბილისის პროკურატურამ კუდ-ის ორი ყოფილი თანამშრომელი 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავა.