ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები ილია გამგებელი და დავით ქოქიაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე განზრახ უკანონოდ დაკავებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები ილია გამგებელი და დავით ქოქიაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ბრალდებულები კუდ-ის ყოფილი თანამშრომლებისთვის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უცვლელად დარჩენილიყო, რადგან საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს.
ბადრი პატარკაციშვილის სახლზე თავდასხმის მომზადების საქმეზე, ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონოდ დაკავებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული კუდ-ის თანამშრომლების სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა.
პროცესზე ხმაური მოყვა საქმის გამომძიებლის, ვაჟა გამეზარდაშვილის დაკითხვისას ბრალდებულის ლევან ქარდავას ადვოკატის მიერ დასმულ კითხვებს. ადვოკატმა გამოთქვა ეჭვი, რომ გამომძიებელმა საგამოძიებო პროცესი არასრულყოფილად ჩაატარა და არასრულად გადმოსცა საქმეში ინფორმაციები.
ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ კითხვების უმეტესობა მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან კავშირი არ ჰქონდა. ასევე პროკურორის შეფასებით, საქმეში ლევან ქარდავას წინააღმდეგ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები და მისი მხარე სწორედ ამიტომ ცდილობს, პროვოკაციების მოწყობას პროცესზე.
საქმე ეხება ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებას, რაც გამოძიების ინფორმაციით, უკანონოდ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით ჯემალ შამათავას 2006 წელს დაუკავშირდნენ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები და აცნობეს, რომ ურეკში მდებარე ბადრი პატარკაციშვილის სახლიდან მოეხსნა დაცვა, რადგან გაფრთხილების სახით უნდა მომხდარიყო გასროლა, რათა ბადრი პატარკაციშვილს პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა. ჯემალ შამათავამ კი ამის შესახებ აცნობა პატარკაციშვილის დაცვას. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამის გამო ურეკის პოლიციის მაშინდელ ხელმძღვანელის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები დაიგეგმა და ის გაასამართლეს.
საქმეზე ბრალდებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამი თანამშრომელი, ლევან ქარდავა, ილია გამგებელი და დავით ქოქიაშვილი.