ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ორი ყოფილი თანამშრომელი ბრალს აღიარებს
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი, დავით ქოქიაშვილი და ილია გამგებელი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობენ, ლევან ქარდავა კი ბრალს არ ეთანხმება.
მოსამართლის კითხვაზე, რა პოზიცია აქვთ წარდგენილ ბრალდებაზე კუდის ყოფილმა ჩინოსნებმა ილია გამგებელმა და დავით ქოქიაშვილმა განაცხადეს, რომ ისინი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ მიიჩნევენ. მესამე ბრალდებული ლევან ქარდავა კი, დღევანდელ სხდომას არ ესწრება და მისი ადვოკატის განცხადებით, ქარდავა არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას.
მათ გამოძიება ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას განზრახ უკანონოდ დაკავებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.
მოსამართლის კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები პროკურორმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება არ არის მიღწეული.
ბრალდებულების დავით ქოქიაშვილის და ილია გამგებელის ადვოკატების განცხადებით, ისინი უდავოდ ცნობენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და თავს სრულად დამნაშავედ მიიჩნევენ.
საქმე ეხება ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებას, რაც გამოძიების ინფორმაციით, უკანონოდ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით ჯემალ შამათავას 2006 წელს დაუკავშირდნენ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები და აცნობეს, რომ ურეკში მდებარე ბადრი პატარკაციშვილის სახლიდან მოეხსნა დაცვა, რადგან გაფრთხილების სახით უნდა მომხდარიყო გასროლა, რათა ბადრი პატარკაციშვილს პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა.
ჯემალ შამათავამ კი ამის შესახებ აცნობა პატარკაციშვილის დაცვას. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამის გამო ურეკის პოლიციის მაშინდელ ხელმძღვანელის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები დაიგეგმა და ის გაასამართლეს.
კუდ-ის ყოფილი ჩინოსნის, ლევან ქარდავას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მამხილებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და ქარდავას წინააღმდეგ ახალი ბრალის წარდგენა უკავშირდება პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეს, სადაც ასევე ქარდავაა ბრალდებული და ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ამ საქმეში ქარდავა გამართლდება.
ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე, თბილისის პროკურატურამ კუდ-ის ორი ყოფილი თანამშრომელი 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავა.
მომდევნო სასამართლო სხდომა 18 თებერვალს 12:00 საათზე მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.