ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებენ
სასამართლოში ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებენ.
ბრალდების მხარის ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელსაც საქმის პროკურორები წარადგენენ, აუდიოჩანაწერია, რომელიც ბრალდების მხარის ცნობით, 2007 წლის თებერვალში მოდულის შენობაში ერთ-ერთ თათბირს ასახავს.
გამოძიების ცნობით, ამ თათბირზე საუბარია ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმის შეთანხმებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კუდის მაშინდელი მაღალჩინოსნები გია დგებუაძე, იგივე მასტერა, ლევან ქარდავა, გიორგი შიუკაშვილი და გიორგი მერებაშვილი.
მათგან ბრალი წარდგენილი აქვთ მერებაშვილს, შიუკაშვილსა და ქარდავას, ხოლო სხვა პირთა მიმართ ბრალდების მხარის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს.
ბრალდების მხარის ინფორმაციით, ეს ჩანაწერი ავთენტურია და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომაც დაადასტურა. გარდა ამისა, პროკურორ დავით გუმბერიძის ცნობით, საქმეში დევს მოწმეების ჩვენებები და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი მასალები.
ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, არც ერთი მათგანი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არც ცნობს.
ერთ-ერთი ბრალდებულის, რევაზ შიუკაშვილის ადვოკატი ითხოვს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს, რადგან ადვოკატ ქეთევან მირიანაშვილის განცხადებით, საქმეში არ მოიპოვება ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო გამოძიების მიერ წარმოდგენილი ჩანაწერის ავთენტურობას ისინი ეჭვის ქვეშ აყენებენ.
ბრალდებულ გიორგი მერებაშვილის ადვოკატი კახა ხვისტანი კი ამბობს, რომ გამოძიებამ სხვა ჩანაწერი გამოაქვეყნა, ხოლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა სხვა ჩანაწერზე აქვს გაცემული. თუმცა ამ ინფორმაციას ბრალდების მხარე უარყოფს და ამბობს, რომ გამოძიების მიერ ავთენტურად დადგენილი ჩანაწერი სწორედ ის არის, რომელიც ბრალდების საქმეში დევს.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები.
ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი დგებუაძე ადასტურებს, რომ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საკითხი მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.