ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილი და გია დგებუაძე დაიკითხებიან
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილი და გია დგებუაძე დაიკითხებიან

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი გია დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა” დაიკითხებიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარეს ასევე დაგეგმილი აქვს საქმის გამომძიებლების დაკითხვა.

ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლო სხდომაზე მის იმ განცხადებებთან დაკავშირებით დაკითხავენ, რომელიც 2007 წელს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის რანგში ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გააკეთა. ოქრუაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ მინისტრობის პერიოდში მას ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაავალა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მოცილება.

„მან პირდაპირ მკითხა, რას ფიქრობ იმაზე, რომ ჩვენი მთავარი საფრთხე მოვიცილოთ, ვკითხე, რას გულისხმობდა ამ საფრთხეში და დამისახელა ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც მას დღესაც მიაჩნია, რომ ის დღესაც საფრთხეა. მან კონკრეტული გეგმა დამისახა, თუ როგორ უნდა ყოფილიყო მოცილებული. არ მითქვამს მისთვის არც დადებითი, არც უარყოფითი პასუხი. ვთხოვე, რომ დრო მჭირდებოდა ფიქრისთვის. მივხვდი, რომ ეს იყო ხაფანგი და თუ მე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი და ამ დავალებას შევასრულებდი მეორე დღეს მეც მომიცილებდა. ეს პიროვნება გახლდათ პატარკაციშვილი და კონკრეტული მაგალითი დამისახელა პრეზიდენტმა მისი მოცილებისა, კონკრეტულ სიტყვებს ვამბობ – „ის უნდა მოვიცილოთ როგორც მოიცილეს რაფიკ ჰარირი”. ეს გახლდათ ლიბანის პრეზიდენტი, რომელიც ააფეთქეს საკუთარ მანქანაში”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

რაც შეეხება გია დგებუაძის დაკითხვას, ის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთ-ერთი აუდიო მტკიცებულების მიხედვით, იმ თათბირის მონაწილეა, სადაც პროკურატურის ინფორმაციით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნები პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმაზე საუბრობენ.

ამასთან, პროკურატურის ცნობით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მეორე ჩანაწერში, დგებუაძე პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელს ბიზნესმენის მზარეულების სიას და მის სასახლეში კამერების განლაგებას სთხოვს.

ბიზნესმენის მკვლელობის მომზადებისთვის ბრალდება წარდგენილი აქვთ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს გიორგი მერებაშვილს, რევაზ შიუკაშვილსა და ლევან ქარდავას. არც ერთი მათგანი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

დატოვე კომენტარი