კომპანია „ბადაგონის“ პიარმენეჯერმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა. ლიზა ბაგრატიონი გამოძიების კითხვებს სამი საათის განმავლობაში პასუხობდა.
მისი განცხადებით, კითხვები, ძირითადად, ფინანსურ საკითხებს ეხებოდა, რაც მის კომპეტენციაში არ შედიოდა და საგამოძიებო ორგანოს მხოლოდ მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა.
„მე, ჩემი მოვალეობებიდან და პროფესიიდან გამომდინარე, არ შეიძლება მქონდეს ინფორმაცია, რომელიც ეხება უშუალოდ იმ საქმეს, რაზეც მიდის გამოძიება. საერთოდ რომ მიდის გამოძიება აქ, ეს ჩემთვის გაუგებარია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩემი რწმენით, ეს უნდა ხდებოდეს სამოქალქო სასამართლოში. მე, რა თქმა უნდა, ყველა კითხვას გავეცი პასუხი იმის ფარგლებში, რაც ვიცოდი. ძალიან ბევრ კითხვაზე იყო პასუხი, რომ მე ეს არ ვიცი და არ მეხება. ალბათ მათი მოვალეობაა, რომ ყველასთან გაიარონ ეს თემები. მე ვარ დარწმუნებული ჩვენს სიმართლეში. ეს სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს და ეს დავა გადავა სამოქალაქო სასამართლოში“, – განაცხადა კომპანია „ბადაგონის“ პიარმენეჯერმა.
ლიზა ბაგრატიონი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.