ოთარ დანელია - „ბადაგონთან“ მიმართებაში ორივე მხარის მოსაზრებებს მოვისმენთ და კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედებთ
ოთარ დანელია - „ბადაგონთან“ მიმართებაში ორივე მხარის მოსაზრებებს მოვისმენთ და კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედებთ

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია კომპანია „ბადაგონის“ ამჟამინდელ მფლობელ გიორგი სალაყაიას შეხვდა.

შეხვედრაზე კომპანიაში მიმდინარე საგამოძიებო პროცესებზე ისაუბრეს.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, „ბადაგონი“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმო და სერიოზული კომპანია ექსპორტის თვალსაზრისით.

„პირველ რიგში აუცილებელია, რომ კანონის უზენაესობა იყოს დაცული. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ამ პრინციპების დაცვით, დარწმუნებული ვარ, სიმართლე დადგინდება“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკითხის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით, შეხვედრა დავის მეორე მხარესთანაც გაიმართება.

„ბუნებრივია, ვერ შევალთ კერძო დავაში, ეს არც კომიტეტის და არც ჩემი პრეროგატივა არ არის. მთავარია ჩვენ მოვისმინოთ ორივე მხარის მოსაზრებები და კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

„ბადაგონის“ მფლობელის, გიორგი სალაყაიას განცხადებით, კომპანიაში ამჟამად იგივე მდგომარეობაა, რაც მანამდე იყო.

„საგამოძიებო ღონისძიებები და დაკითხვები მიმდინარეობს. თანამშრომლები ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზებით იკითხებიან. ინტერესია, წარმატებული ბიზნესის ხელში ჩაგდება. ჩვენი მიზანია, რომ ნათელი მოვფინოთ ამ საქმეს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სალაყაიამ.