ბაჩანა ლობჟანიძე თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებას, თითქოს ის ჩანერგილია, ალოგიკურს უწოდებს
ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულია, გარდაცვლილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებას, თითქოს ის ჩანერგილია, ალოგიკურს უწოდებს.
როგორც ბაჩანა ლობჟანიძე აღნიშნავს, თეონა თამაზაშვილის განცხადებები მიზანმიმართულია.
„მე და ქალბატონ თეონას არ გვქონია აქტიური ურთიერთობა, თავად მან გამომიგზავნა მეგობრობა „ფეისბუქზე“ და მკითხა, ვიცნობდი თუ არა მის შვილს, ამის შემდეგ გავაგრძელეთ ურთიერთობა. ის პირადად მაშინ ვნახე, როდესაც მათ ოჯახში მივედი. ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება იწყება მას შემდეგ, რაც მომწერა, რომ აშშ-ის საელჩოსთან აპირებდა აქციის გამართვას საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვის მოთხოვნით და მივსულიყავი. მაშინ მე ვუთხარი, რომ „ეფლისა“ და ეფბიაის კონფლიქტი ჰქონდათ და არანაირი კავშირი არ აქვს „ეფლის“ რომელიმე ნაწარმთან, მაგალითად „მაკ ბუკთან“ ეფბიაის. ვუთხარი, რა საჭირო იყო მისი ჩართვა, ვერაფერს ვერ გახდებოდნენ ამ საქმეში. ამის შემდეგ მეუბნება, ახლა ვხვდები, რატომ დაგბლოკა თამარის მეგობრის დედამო“, – განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.
მისივე თქმით, თეონა თამაზაშვილის განცხადება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მან გაიტყუა სახლიდან სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან იმ დროს, როცა გარდაცვლილი გაუჩინარდა, თავად დეიდასთან იმყოფებოდა.
გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ბაჩანა ლობჟანიძე სავარაუდოდ შსს-ს მიერ არის ჩანერგილი და არ გამორიცხავს იმასაც, რომ სწორედ ბაჩანა ლობჟანიძემ გაიტყუა მისი შვილი სახლიდან.