თეონა თამაზაშვილი - ზეპირსიტყვიერებას არ დავთანხმდები, თუ დამიმტკიცებენ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა, მაშინ დავიჯერებ
თეონა თამაზაშვილი - ზეპირსიტყვიერებას არ დავთანხმდები, თუ დამიმტკიცებენ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა, მაშინ დავიჯერებ

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად ადვოკატების ნაწილი შეიკრიბა, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილიც მივიდა.

თეონა თამაზაშვილის თქმით, მკვლელების დადგენის ნაცვლად, ადვოკატს ებრძვიან და მისი საქმიდან ჩამოშორება სურთ.

„მოვედი მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად, რადგან მსოფლიოს არ ახსოვს ასეთი პრეცედენტი, რომ ადვოკატს წაართვან ტელეფონი. იმის მაგივრად, რომ მკვლელები ეძებონ, მკვლელებს ებრძოლონ, ებრძვიან ადვოკატს, თვალებში ნაცარს გვაყრიან და ამბობენ, რომ ერთი მხარე ვართ. როდის იყო ერთი მხარე ერთმანეთს ებრძოდა. დიდი ხანია, უნდათ მიხეილ რამიშვილის ჩამოშორება და ახლა საბაბი მიეცათ, აგერ ყალბი რაღაცაო.

მან დაასახელა წყარო. რომ არ ეთქვა, კიდევ მესმის, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე წყაროს ვეძებთ და ამიტომ ამოვიღეთ ტელეფონიო რომ ეთქვათ. თუმცა, ამაზე გამოძიებას ინფორმაცია ჰქონდა და ბატონმა დავითმაც დაასახელა წყარო, საჯაროდ თქვა, რომ გაასაჯაროვეთ წყაროს ვინაობაო. რატომ არ ასაჯაროვებენ? ალბათ მათ ინტერესებში არ შედის ამის გასაჯაროვება“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

კითხვაზე, „იარაღით უკანონოდ ვაჭრობაზე როდესაც გააკეთეთ განცხადება, საიდან მიიღეთ ინფორმაცია, იყო თუ არა ეს დავით ფურცხვანიძე“, თამაზაშვილი პასუხობს, რომ კომპიუტერში წაიკითხა, ხოლო ფურცხვანიძემ სტატია მოგვიანებით გამოაქვეყნა.

„როდესაც მოსამართლესთან დამკითხეს, მკითხეს – შენი წყარო ადამიანია თუ არა. მე ვუთხარი, კომპიუტერში წავიკითხე და თამუნასთან ლაპარაკიდან გამოვიტანე აზრი, ეგ სტატია  ფურცხვანიძემ ჩემი განცხადების შემდეგ გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი არის და დავუდე, რომ მარტო მე არ ვფიქრობ ამას-თქო. ფურცხვანიძეს ყარაბაღი არ უხსენებია. ეს იმიტომ ვთქვი, რომ იმ პერიოდში ერთადერთი ომი კავკასიაში, ყარაბაღში მიმდინარეობდა. ფურცხვანიძის სტატია შემდეგ იყო. ნახეთ, იმ სტატიაში იგივეზეა ლაპარაკი“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „თქვენთვის რამდენად სარწმუნოა სატელიტის ფოტომასალა“, თამაზაშვილი ამბობს, რომ „საწინააღმდეგოს თუ დაუმტკიცებენ, შვილის თვითმკვლელობის ფაქტს აღიარებს, სხვა შემთხვევაში ზეპირსიტყვიერებას არ დათანხმდება“.

„ჩემთვის სარწმუნო იქნება, თუ ისინი დადებენ და დამიმტკიცებენ საწინააღმდეგოს, რომ იქ იდგა მანქანა. მაშინ დავიჯერებ, ხელებს ავწევ და საჯაროდ ვაღიარებ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა და წავალ სახლში, დავჯდები და ვიგლოვებ ჩემს შვილს. წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირ ზეპირსიტყვიერებას არ დავთანხმდები“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საქმეზე ამ წუთებში კითხვებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი პასუხობს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი. აღნიშნულის თაობაზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე დღის წინ განაცხადა. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა კი აღნიშნა, რომ სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მას დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა.

დატოვე კომენტარი