გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა და ოჯახის ადვოკატი პროკურატურაში საქმის მასალებს ეცნობიან
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა და ოჯახის ადვოკატი პროკურატურაში საქმის მასალებს ეცნობიან

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა და ოჯახის ადვოკატი საქმის მასალების გასაცნობად თბილისის პროკურატურაში იმყოფებიან.

თეონა თამაზაშვილის თქმით, მას აინტერესებს, რას ყვება გამოძიებასთან მისი შვილის მეგობარი დეა კაპანაძე. თეონა თამაზაშვილის განცხადებით, დეა კაპანაძემ გამოძიებას ახალი ჩვენება მისცა.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილის მეგობარი გარკვეულ ინფორმაციას მალავს.

„საქმის მასალებს გავეცნობი. უფრო იმიტომ წამოვედი, რომ დეა იკითხება აქ. წინა დღეებში სიცხე ჰქონდა, ნერვიულობამაც იცის სიცხეები. ჩემთან საერთოდ არ მოვიდა და არც შემეხმიანა. დედა და ძმა მომიგზავნა, თვითონ მოსვლის შეეშინდა  ე.ი. რაღაცას მალავს და რაღაც იცის. დედამისმა მითხრა, უნდა მოვამზადოო ჩემთან შესახვედრად. როცა თამუნასთან ერთად მოდიოდა, მაშინ რატომ არ სჭირდებოდა მომზადება? არ ვიცი, რაღაცა იცის და მალავს. ადრე თუ გვიან გავიგებთ, მნიშვნელოვანია თუ უმნიშვნელო. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცას მალავს და ჩემს შეგრძნებებს აქამდე არ უმტყუნია. დეას ჩვენებას უნდა გავეცნო და უფრო ამიტომ მოვედი. ხვალ ორმოცია, მე ამის დრო არ მქონდა, მაგრამ მაინც გადავდე ყველაფერი და წამოვედი“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ოჯახის ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალების გაცნობასთან ერთად, ისინი ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე გარკვეულ ინფორმაციას გამოძიებასთან შეაჯერებენ.

„საქმის მასალებს ვეცნობი. ველოდები იმ სამი ჯიპის მარშრუტის დადგენას – როგორ გადაადგილდებოდნენ, როგორ  შეცვალა თავისი მარშრუტი და დაბრუნდა უკან, ჰქონდა თუ არა კვეთა თამუნას მარშრუტთან.

ამავდროულად, ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით გარკვეული პოზიციები შეიცვალა. ამის თაობაზე გამოძიებას საქმის კურსში ჩავაყენებთ, იქნება გარკვეული სიახლეები, რაც შეთანხმდება გამოძიებასთან და შემდგომ საზოგადოებას გავაცნობთ.

რაც შეეხება ცენტრ „ემპათიაში“ შეხვედრას, ჩვენ კომპლექსური ექსპერტიზა გვაქვს დანიშნული. ამის თაობაზე გვქონდა დეტალური საუბარი, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე შევაჯერეთ პოზიცია „ემპათიასთან“ და ამ საკითხს გამოძიებასთან გავივლით“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.