თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. ისინი პროკურატურის მიერ გამოძიების შეწყვეტას აპროტესტებენ.

მათი თქმით, პროკურატურას გამოძიების შეწყვეტის დადგენილება ჯერ კიდევ არ გადაუცია. აქციის მონაწილეები აღნიშნული დადგენილების გადაცემას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებენ.

როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, უწყებამ საქმე სრულიად მოულოდნელად დახურა. ამასთან, თეონა თამაზაშვილის თქმით, ის დღეს შვილის კომპიუტერის დაბრუნებას ითხოვს.

„სრულიად მოულოდნელად შუა პანდემიის დროს მოახლოებული ახალი წლის პერიოდში გადაწყვიტეს, რომ დაეხურათ საქმე. აღმოჩნდა, რომ მეორე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება და გადაწყვიტეს, რომ ჩვენ მოვძებნიდით მტკიცებულებებს იმ გამოძიების მასალებში და ამიტომ აწყობდათ გამოძიების უცებ დახურვა. იმასაც კი არ კადრულობენ, დადგენილება გადმოგვცენ. თურმე ჩვენ უნდა დავწეროთ განცხადება, რომ დადგენილება გადმოგვცენ და მაგის გასაპროტესტებლად მოვედით. ასევე იმიტომ მოვედით, რომ მოვითხოვოთ ჩემი შვილის კომპიუტერი, რომელზეც თავიდანვე შევუთანხმდი ზეგ-ის უფროსობას და განაცხადეს, რომ თამუნას კომპიუტერს ჩვენ გიტოვებთო სამახსოვროდ. მოვითხოვეთ პროკურატურაში, მერაბ ჯერანაშვილმა განაცხადა, რომ ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებდა. თუ ბანალური თვითმკვლელობაა და ზეგ-ის უფროსობა თანახმაა, დამიბრუნდეს თამუნას კომპიუტერი, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია. ისეთ რადიკალურ ზომებს მივმართავ, რომ არც დაესიზმრებათ. შიმშილობა იქნება ეს, თუ დავწვები შუა ტრასაზე, სანამ არ დამიბრუნებენ იმ კომპიუტერს. თუ არის ბანალური თვითმკვლელობა, დამიბრუნონ კომპიუტერი და კიდევ ერთხელ ნუ დაამტკიცებენ იმას, რომ აგერ ჩვენა ვართ და ჩვენი ნაბადი. ყველაფერს აქვს საზღვარი და მაგათ უტიფრობასაც“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ ოფიციალური განცხადება 17 დეკემბერს გაავრცელა.