ბაჩანა არაბულმა უნგრეთის თასის ნახევარფინალში მორიგი გოლი გაიტანა. პირველი შეხვედრა მისმა გუნდმა, “ბალმაზუივაროშმა” “უიპეშტთან” გასვლაზე ჩაატარა და 1:2 დამარცხდა.
მასპინძლები 2:0 იგებდნენ, რაც მათ ფინალში გასვლის შანსს აძლევდა, მაგრამ 85-ე წუთზე 23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა სტუმრებს შანსი შეუნარჩუნა – განმეორებით შეხვედრას “ბალმაზუივაროში” 9 მაისს საკუთარ არენაზე უმასპინძლებს და უნგრეთის თასის ფინალში გასვლას შეეცდება.
აღსანიშნავია, რომ არაბულმა უნგრეთის თასზე მესამე შეხვედრა ჩაატარა და მესამე გოლი გაიტანა. სულ კი სეზონში მის ანგარიშზე უკვე ათი გოლია.
“ბალმაზუივაროშში” შეუცვლელად ითამაშა ირაკლი მაისურაძემაც. გუნდის განაცხადშიც მხოლოდ ლაშა შინდაგორიძე არ იყო – როგორც გაირკვა, მან ვარჯიშზე უმძიმესი ტრავმა მიიღო და ჯვარედინი მყესის ოპერაციას გაიკეთებს.