ორი ქართული გოლი უზბეკეთში - ნიქაბაძემ „ნეფთჩის“ მოაგებინა, ტაბატაძემ ისევ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ქართული საფეხბურთო ლეგიონი აზიაში
სამხრეთ კორეის K ლიგაში საჩემპიონო ჯგუფის თამაშები დაიწყო. „ინჩჰონმა“ ვაკო ყაზაიშვილის „ულსანს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ შესვენების შემდეგ შეცვალეს. „ინჩჰონმა“ სამი გოლის ამის შემდეგ გაიტანა.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში ქართველების გუნდების დაპირისპირება გაიმართა – დავით ვოლკოვის „საბაჰმა“ ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“ მიიღო და 0:1 დამარცხდა. ვოლკოვმა მასპინძელთა ძირითად შემადგენობაში შეუვლელად ითამაშა, ხოლო გუგეშაშვილი „ყარაბაღის“ სათადარიგოებში დარჩა.
უზბეკეთის სუპერლიგაში ორი ქართული გოლი გავიდა. თომა ტაბატაძის „ნავბახორმა“ გასვლაზე „ოლიმპიკთან“ მატჩი 2:1 წააგო, სტუმრებიდან ერთადერთი გოლი ქართველმა თავდამსხმელმა 89-ე წუთზე გაიტანა. მისი გუნდი თამაშის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ დამატებულ მე-13 წუთზე კაცნაკლული დარჩა და მარცხს თავი ვეღარ დააღწია.
ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდები შეხვდნენ – გიორგი ნიქაბაძის და ბაჩანა არაბულის „ნეფთჩიმ“ შინ აკაკი შულაიას და გიორგი კუხიანიძის „ყიზილყუმი” 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი „სამგურალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ნიქაბაძემ ეფექტურად გაიტანა – მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შესულმა მცველები ჩამოიშორა და მახვილი კუთხიდიდან შორეულ „ცხრიანში“ გატანილი გოლით გუნდს გამარჯვება მოუტანა.