ბაბუინების ჯგუფმა ჭკვიანური გეგმა შეიმუშავა და ლაბორატორიიდან გაიქცა
13:38, 19.04.2018
ტეხასის ბიოსამედიცინო კვლევათა ინსტიტუტის მეცნიერები ცხოველთა გამჭრიახობის საოცარი სცენის მომსწრენი გახდნენ. ერთობლივი მოქმედების შედეგად, ბაბუინების ჯგუფი დაწესებულებიდან გაიქცა.
ბაბუინებმა გაქცევა 208 ლიტრიანი ლურჯი კასრის ჭკვიანური გამოყენების შედეგად შეძლეს.
მაიმუნებმა კასრი კიბის მსგავსად გამოიყენეს, საპყრობილის ეზოს კედელთან მიაგორეს, ზედა ავიდნენ და გადახტნენ.
დაწესებულებაში მეცნიერებს 1100-მე ცხოველი ჰყავთ. კასრები მათ რამდენიმე თვის წინ შეიტანეს საკვების მოპოვების ინსტინქტთა და ქცევათა გაუმჯობესების მიზნით — როცა ბაბუინები კასრებს აქეთ-იქით აგორავებენ, იქიდან საკვები ცვივა.
„ძალიან ჭკვიანი ცხოველები არიან. არ ვიცით, როგორ წამოაყენეს კასრი, მაგრამ ფაქტია, ეს როგორღაც მოახერხეს, ზედ აძვრნენ და საპყრობილის კედლიდან გადახტნენ. შემდეგ მაღალ წერტილზე აცოცება მათი ბუნებრივი ინსტინქტია“, — უთხრა კვლევითი ინსტიტუტის პრესსპიკერმა ლიზა კრუსმა Gizmodo-ს.
ინციდენტის დროს, ოთხმა ბაბუინმა კასრი საპყრობილის კედელთან მიაგორა. კედელზე ასვლის შემდეგ, ჯგუფის ერთ-ერთ წევრს როგორც ჩანს, სხვა აზრი გაუჩნდა და უკან დაბრუნდა.
თუმცა, დანარჩენი სამი მაიმუნი ასეთი მშვიდი როდი აღმოჩნდა. მათ ადვილად გადალახეს შედარებით მარტივი ბარიერი — ინსტიტუტს გარშემორტყმული ღობე და გზაზე გაიჭრნენ, სადაც მათ მძღოლები და მგზავრები გაოცებული უყურებდნენ.
20-წუთიანი დევნის შემდეგ, ინსტიტუტის ჯგუფმა ბაბუინები დაიჭირა და უკან უსაფრთხოდ დააბრუნა.
ინსტიტუტის განცხადებით, გაქცეული ცხოველები ამჟამად არანაირ სამედიცინო კვლევაში არ არიან ჩართული და შესაბამისად, რაიმე დაავადების გავრცელების შანსიც არ არსებობს.