„აზოვის“ მებრძოლები აცხადებენ, რომ რუსებმა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალი დაბომბეს
„აზოვის“ მებრძოლები აცხადებენ, რომ რუსებმა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალი დაბომბეს

„აზოვის“ ბატალიონის მებრძოლების ინფორმაციით, რუსებმა მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალი დაბომბეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები. აღნიშნული ინფორმაცია „აზოვის“ მებრძოლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

„მთელი ღამის განმავლობაში, რუსები მრავალტონიანი ჭურვებით მასიურად ბომბავდნენ სამხედრო საველე ჰოსპიტალს, რომელიც მდებარეობს მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე და სადაც განთავსებული არიან დაჭრილი დამცველები. შემდეგ, მათ განაგრძეს ნანგრევების დაბომბვა საზღვაო არტილერიიდან… მტრის თავდასხმის გამო, შენობის ნაწილი ჩამოინგრა, მათ შორის საოპერაციო ოთახი, რაც შეუძლებელს ხდის ჩვენი ჯარისკაცების დახმარებას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკვე დაჭრილ მებრძოლებს შორის არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამასთან, „აზოვის“ მებრძოლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჟენევის კონვენცია უზრუნველყოფს სტაციონარული და მობილური სამედიცინო დაწესებულებების დაცვას და მათზე თავდასხმა არ უნდა მოხდეს.

„დაცვით უნდა სარგებლობდნენ დაჭრილები და ავადმყოფები, იმისდა მიუხედავად, ისინი არიან არა არა სამოქალაქო თუ სამხედრო პირები. დაჭრილებს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა მიეწოდოთ საჭირო დახმარება“, – აცხადებენ პოლკში.

მებრძოლებმა საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდეს, „რეაგირება მოახდინონ იმ ფაქტზე, რომ რუსეთი აგრძელებს მარიუპოლის იმ დამცველების განადგურებასაც, რომლებსაც იარაღის ხელში აღება აღარ შეუძლიათ“.

გავრცელებული ინფორმაციით, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინელი ჯარისკაცია, რომელთა შორის 500-მდე დაჭრილია.