აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის ორმხრივი სროლის შესახებ განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის მომხდარი ორმხრივი სროლის ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 14 ივლისს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, სხვდასხვა კალიბრის იარაღიდან ცეცხლი გახსნეს ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაკის რაიონში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით. სროლის შედეგად დაჭრილია აზერბაიჯანის შეიარღებული ძალების ერთი სამხედრო, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ინციდენტის ადგილას ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურია და ოპერატიულ ვითარებას აზერბაიჯანის შეიარაღებული ნაწილები აკონტროლებენ.
მანამდე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის ორმხრივი სროლის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ.
უწყების ცნობით, ინციდენტი მოხდა 14 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ერასხის მონაკვეთზე, სადაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილები საბრძოლო პოზიციების წინსვლის მიზნით, გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას საინჟინრო აღჭურვილობის გამოყენებით გეგმავდნენ.
სამინისტროს განცხადების მიხედვით, სომხური მხარის მოწოდებების საპასუხოდ, შეეჩერებინათ აღნიშნული სამუშაოები, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს სომხეთის პოზიციების მიმართულებით, რომლის შედეგად სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრომ სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.