აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ყარაბაღში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობას მოუწოდებს, არ მიუახლოვდეს სამხედრო ობიექტებს და არ დაუჭიროს მხარი სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ყარაბაღში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობას მოუწოდებს, არ მიუახლოვდეს სამხედრო ობიექტებს და არ დაუჭიროს მხარი სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ყარაბაღში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობას მოუწოდებს, არ მიუახლოვდეს სამხედრო ობიექტებს და არ დაუჭიროს მხარი სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის სომეხ მოსახლეობას მობილური სმს სერვისის საშუალებით გაეგზავნა.

ამავდროულად, მოსახლეობა გაფრთხილებულია ტექნიკური საშუალებებით და ურიგდება საინფორმაციო ბუკლეტები.

განცხადებაშია ასევე ნათქვამია, რომ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს, ასევე ფიზიკური პრობლემების მქონე პირებსა და პაციენტებს გაუწევენ საჭირო სამედიცინო და სხვა სახის დახმარებას, ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან სასმელი წყლითა და საკვებით.

„სახიფათო ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველსაყოფად ლაჩინის გზაზე და სხვა მიმართულებით ჰუმანიტარული დერეფნები და მიმღები პუნქტები მოეწყო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.

ამასთან, სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმია ყარაბაღში ქალაქ სტეფანაკერტს ბომბავს. სომხურ მედიასთან საუბარში არაღიარებული ყარაბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეგიონში არ არის კავშირი. ამასთან, აზერბაიჯანული მხარე ქალაქ სტეფანაკერტს ქალაქ ხანქენდად მოიხსენიებს.