სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის ორმხრივი სროლის შედეგად ერთი სომეხი სამხედრო დაიღუპა
სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის ორმხრივი სროლის შედეგად ერთი სომეხი სამხედრო დაიღუპა.
უწყების ცნობით, ინციდენტი მოხდა 14 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ერასხის მონაკვეთზე, სადაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილები საბრძოლო პოზიციების წინსვლის მიზნით, გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას საინჟინრო აღჭურვილობის გამოყენებით გეგმავდნენ.
სამინისტროს განცხადების მიხედვით, სომხური მხარის მოწოდებების საპასუხოდ, შეეჩერებინათ აღნიშნული სამუშაოები, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს სომხეთის პოზიციების მიმართულებით, რომლის შედეგად სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრომ სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.
სამინისტროს ინფორმაციით, დანაკარგები აზერბაიჯანულ მხარესაც არის. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მკაცრად გმობენ აზერბაიჯანული მხარის პროვოკაციას. უწყება სიტუაციის შემდგომ გამწვავებაზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.