აზერბაიჯანის საგარეო უწყება - ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნები საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა
„სამხრეთ ოსეთში“ ჩატარებული ე.წ. არჩევნები საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა, – ეს განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს.
უწყების ვებგვერდზე ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს ე.წ. არჩევნებს, რომელიც სამხრეთ ოსეთში გაიმართა, რაც წარმოადგენს საერთაშორისო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. არჩევნებში პარტია „ედინაია ოსეტია“ ლიდერობს.
ე.წ. არჩევნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, საგარეო უწყება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები.