აუდიტის სამსახურის ცნობით, ბიუჯეტის პროექტში მთავრობამ წინა წლების რეკომენდაციები ასახა
აუდიტის სამსახურის ცნობით, ბიუჯეტის პროექტში მთავრობამ წინა წლების რეკომენდაციები ასახა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის პაკეტი ფისკალური პოლიტიკის დახვეწასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიცავს.

„პროექტში გათვალისწინებულია აუდიტის სამსახურის მიერ გასული წლების განმავლობაში გაცემული რიგი რეკომენდაციები, რაც საბიუჯეტო პროცესის, ინფორმაციის ხარისხისა და ანგარიშგების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული“, – წერია აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში, რომელშიც 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტია შეფასებული.

კერძოდ, უწყების ინფორმაციით, გაძლიერდა სამინისტროების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების შესაბამისობა ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტთან (BDD) და ბიუჯეტის კანონში წარმოდგენილ მაჩვენებლებთან; ნაწილობრივ დარეგულირდა სარეზერვო ფონდების მართვის საკითხი; დაიხვეწა პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგია; საკანონმდებლო დონეზე დაიხვეწა ფისკალური წესების შესახებ ანგარიშგების საკითხი.

ამასთან, აუდიტის სამსახურის ცნობით, ბიუჯეტის მომზადების პროცესში ჯერ კიდევ შეინიშნება ნაკლოვანებები. მაგალითად, „საშუალოვადიანი პროგნოზების შედარების ანალიზის“ დოკუმენტი, რიგი მაკროეკონომიკური პარამეტრების შემთხვევაში, არ მოიცავს საკმარის ახსნა-განმარტებებს კორექტირებების გამომწვევი ეკონომიკური ფაქტორების შესახებ.

„რამდენადაც მაკროეკონომიკური ინდიკატორების საპროგნოზო მაჩვენებლების რეალისტურობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ფისკალურ პარამეტრებზე, მნიშვნელოვანია ბიუჯეტის კანონის პროექტი ამ მიმართულებით მოიცავდეს დეტალურ მიზეზ-შედეგობრივ ანალიზს“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

უწყებას რიგი შენიშვნები აქვს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე.