აუდიტის სამსახური - სახელმწიფო აუდიტის სამსახური, თავისი მანდატის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში აწარმოებს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს
აუდიტის სამსახური - სახელმწიფო აუდიტის სამსახური, თავისი მანდატის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში აწარმოებს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი, თავისი მანდატის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში აწარმოებს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციაში.

როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, მონიტორინგი ასევე ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთა საქმიანობა შესაძლებელია, აფილირებული იყოს კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან.

„მონიტორინგი ასევე ხორციელდება პარტიების შემომწირველთა ფინანსურ ინფორმაციაზე. მუდმივი მონიტორინგის პროცესში, სხვადასხვა ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის მიერ პოლიტიკური პარტიის საქმიანობისთვის გაწეული ხარჯების იდენტიფიცირების შემთხვევაში, მათზე ვრცელდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები“, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განცხადა, რომ ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში, რაც ყურადღება მისაქცევია. „ხდება გრანტად გაფორმება პოლიტიკური ფულის, რაც არის უკანონო დაფინანსება პარტიების, მოვუწოდებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, დაინტერესდეს ამ სქემებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.