აუდიტი - 2015-2016 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელში საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით ხარვეზები გამოვლინდა
აუდიტი - 2015-2016 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელში საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით ხარვეზები გამოვლინდა

2015-2016 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელში საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებულ კონტროლის მექანიზმებში გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები.

ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიში 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე დასრულებულ საანგარიშო პერიოდს მოიცავს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, აღნიშნული პერიოდში ავტომობილების გარკვეულ ნაწილზე მწყობრიდან იყო გამოსული ოდომეტრები,  არ იყო დადგენილი თითოეული ავტომობილის მიხედვით საწვავის წვის ნორმა.

„GPS სისტემის მონაცემებით, საწვავის ხარჯვის ოდენობა არ ედრება ფაქტობრივად ჩამოწერილ საწვავის ოდენობებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საწვავის ხარჯვაზე არსებული კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს მასთან დაკავშირებული რისკების განეიტრალებას, შესაბამისად, არსებობს საწვავის არამიზნობრივად მოხმარების რისკი“, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

როგორც აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ წარადგინა ოდომეტრის მაჩვენებლები 2015 წელს 19 სატრანსპორტო საშუალებაზე, ხოლო 2016 წელს – 15-ზე.

აუდიტის ინფორმაციით, აღნიშნულ ავტომანქანებზე 2015 წელს სულ გახარჯულია 59 463 ლიტრი საწვავი, ხოლო 2016 წელს – 44 169 ლიტრი.

„არცერთ ავტომობილზე არ არის დადგენილი საწვავის წვის ნორმა, თუ რამდენ საწვავს მოიხმარს ესა თუ ის ავტომობილი 100 კილომეტრის გავლისას“, – ნათქვამია ანგარიშში.

აუდიტის სამსახურის ცნობით, მიწოდებული GPS სისტემის 2016 წლის მონაცემებიდან გამოვლინდა, რომ 2016 წელს ოთხ ავტომანქანაზე პროგრამულად საერთოდ არ კონტროლდებოდა საწვავის ხარჯვა, ხოლო 16 ავტომანქანაზე დაფიქსირებული მონაცემები განსხვავდება ფაქტობრივად ჩამოწერილი საწვავის მოცულებებისგან (სხვაობები აღემატება 10%-ს).

„საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საწვავის ხარჯვის კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს მასთან დაკავშირებული რისკების განეიტრალებას. შესაბამისად, არსებობს საწვავის არამიზნობრივად მოხმარების რისკი“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც  2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე დასრულებულ საანგარიშო პერიოდს მოიცავს.

აუდიტის სამსახური რეკომენდაციით მიმართავს საზოგადოებრივ მაუწყებელს, საწვავის ხარჯვაზე სრულყოფილი კონტროლის მიზნით, უზრუნველყოს თითოეულ ავტომობილზე წვის ნორმების დადგენა, ხოლო გავლილ მანძილებთან მიმართებაში დანერგოს ელექტრონული ფორმით (GPS-ის მონაცემებით) დროული და სრული აღრიცხვა.