ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე სანქციების გამკაცრება იგეგმება
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე სანქციების გამკაცრება იგეგმება

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე სანქციების გამკაცრება და ჯარიმების გაზრდა იგეგმება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მუშაობა უკვე დაასრულა.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილემ, გრიგოლ ფოჩხიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმები ხუთი ათასიდან 45 ათასი ლარის ფარგლებში იქნება.

დოკუმენტით გათვალისწინებულია, როგორც გეგმური, ისე არაგეგმური შემოწმებები.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მიხედვით, ატმოსფერულ ჰაერში ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმის ხუთჯერ გადამეტების შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია განისაზღვრება ხუთი ათასი ლარის ოდენობით, ხუთიდან 10-ჯერ გადამეტების შემთხვევაში – 15 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო 10-ჯერზე და მეტი რაოდენობით ზღვრულად დასაშვები ნორმის გადამეტების შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია განისაზღვრება 45 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები შესაბამისი რაოდენობის გათვალისწინებით განისაზღვრება“, – აცხადებს გრიგოლ ფოჩხიძე.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ გარდა, ცვლილებები „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონშიც იგეგმება.

კერძოდ, ცვლილებები კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც ატმოსფერულ ჰაერს მავნე ნივთიერებებით აბინძურებს, თვითმონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ავალდებულებს.

კანონპროექტის მიხედვით, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებს დაქვემდებარებულ საქმიანობებს ტექნიკური გადაიარაღებისთვის ვადა 2021 წლის პირველ იანვრამდე მიეცემათ.

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება მხოლოდ გარემოს დაცვით გადაწყვეტილებას დაქვემდებარებულ იმ საქმიანობებს და სუბიექტებს, რომლებიც ახდენენ ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებას. კერძოდ, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას დაქვემდებარებული კომპანიები და სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, თვითმონიტორინგი აწარმოონ, უწყვეტ რეჟიმში განახორციელონ მონიტორინგი ზღვრულად დასაშვები ნორმების გადამეტებასთან მიმართებაში. აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები განისაზღვრება პირველ ჯერზე 10 ათასი ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში, 20 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ერთი წლის განმავლობაში მესამედ დარღვევის შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია 40 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრება.

თვითმონიტორინგზე საკანონმდებლო პაკეტში ჩაწერილი ნორმის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2021 წლის პირველი იანვარი – ვინაიდან ყველა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას დაქვემდებარებულ საქმიანობას მიეცეს გონივრული ვადა, რათა მოხდეს მათი გადაიარაღება და შესაბამისი მოწყობილობის შეძენა, რომელიც თვითმონიტორინგს უზრუნველყოფს“, – განმარტავს გრიგოლ ფოჩხიძე.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ჯერ მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ, რის შემდეგაც კანონპროექტი პარლამენტს გადაეგზავნება. საკანონმდებლო ორგანო ორ კანონში შესატან ცვლილებებს სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.