პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, დარღვევებზე სანქციები მკაცრდება, პირველი მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, დარღვევებზე სანქციები მკაცრდება, პირველი მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე, „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტს კენჭი პლენარულ სხდომაზე უყარეს. ცვლილებებს მხარი 77 – მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არცერთი არ წასულა.

კანონპროექტთან დაკავშირებით დღეს გაიმართა პოლიტიკური დებატებიც. მასში მონაწილეობა საპარლამენტო უმრავლესობამ და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა მიიღეს.

კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს იგეგმება. მმართველი გუნდი მზაობას გამოთქვამს, პროექტის დახვეწის მიზნით, ოპონენტების რეკომენდაციები და წინადადებები მოისმინოს. დღესვე კომიტეტის სხდომაზე ალტერნატიული პროექტების წარდგენას „ნაციონალური მოძრაობა“ და დამოკუდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აპირებენ.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის) მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარით, ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.