ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული
ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული

ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტის ბიუროს ინიცირებისთვის 31 აგვისტოს წარედგინება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის) მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარით, ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ცვლილებების ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები რატი იონათამიშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან.

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებები საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცა, თუმცა მმართველმა გუნდმა კიდევ ერთი ახალი პროექტი მოამზადა, რომლის განხილვასაც საშემოდგომო სესიაზე გეგმავენ.