გიორგი კანდელაკი - „ქართული ოცნების“ ინიციატივაში უბნის სიახლოვეს კრიმინალური ელემენტების თავშეყრის აკრძალვა და სხვა პრინციპული საკითხები გათვალისწინებული არ არის
გიორგი კანდელაკი - „ქართული ოცნების“ ინიციატივაში უბნის სიახლოვეს კრიმინალური ელემენტების თავშეყრის აკრძალვა და სხვა პრინციპული საკითხები გათვალისწინებული არ არის

საარჩევნო უბანზე მობილურების შეტანის აკრძალვა, ასევე უბნის სიახლოვეს კრიმინალური ელემენტების თავშეყრის აკრძალვა და სხვა ასეთი პრინციპული საკითხები კანონპროექტში გათვალისწინებული არ არის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს საარჩევნო დარღვევებზე სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ პროექტში მეათასე ხარისხოვანი საკითხებია გათვალისწინებული.

„არც ერთი პრინციპული რეკომენდაცია, მაგალითად, საარჩევნო უბანზე მობილური ტელეფონების შეტანის აკრძალვა, ასევე უბნის სიახლოვეს „ქართული ოცნების“ სისხლის და ხორცის, კრიმინალური ელემენტების თავშეყრის აკრძალვა და სხვა ასეთი პრინციპული საკითხები პროექტში გათვალისწინებული არ არის.

გათვალისწინებულია მეათასე ხარისხოვანი საკითხები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაინც ვერ გადაარჩენს „ოცნებას“, რადგან საზოგადოების ვერდიქტი, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციაში უნდა გადაინაცვლოს და იგი ევროპულმა კოალიციამ ჩაანაცვლოს, ნათელია, ეს ვერდიქტი არ შეიცვლება“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული. კანონპროექტს პირველი მოსმენით პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

დატოვე კომენტარი