რომან გოცირიძე - „ქართული ოცნების“ ინიციატივა წინასაარჩევნო პროპაგანდისტული კანონპროექტია
რომან გოცირიძე - „ქართული ოცნების“ ინიციატივა წინასაარჩევნო პროპაგანდისტული კანონპროექტია

„ქართული ოცნების“ ინიციატივა წინასაარჩევნო პროპაგანდისტული კანონპროექტია, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალურო მოძრაობის“ თავმჯდოამრემ, რომან გოცირიძემ  ჟურნალისტებს საარჩევნო დარღვევებზე სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ ამომრჩეველზე ზეწოლის, დაშინების და არჩევნების გაყალბებისგან გამოსავალი კანონდამრღვევისთვის სამწლიანი პატიმრობაა.

„ქართული ოცნების“ მიერ შემოტანილი კანონპროექტი გვეუბნება, რომ მოდით, ჩვენი მოძალადე ზონდერები და არჩევნების გამყალბებლები დავსაჯოთ სამწლიანი პატიმრობით, ნაცვლად ორი წლის. არ გვინდა სამწლიანი პატიმრობა, სამი დღით ჩასვით სადაც არის საჭირო ის ადამიანები, რომლებიც ამომრჩევლებზე წლების განმავლობაში ძალადობდნენ, ეწეოდნენ მოსყიდვას, დაშინებას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. თურმე, ახლა გაახსენდათ, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი სამწლიანი პატიმრობა ყოფილა. ეს არის წინასაარჩევნო პროპაგანდისტული კანონპროექტი. ჩვენ გვაქვს ჩვენი ალტერნატიული პროექტი. ფაქტობრივად, ხელისუფლებას ტესტს ვუტარებთ, მათი არაფრისმომცემი კანონპროექტი უკან უნდა იყოს გატანილი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული. კანონპროექტს პირველი მოსმენით პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.