გურამ მაჭარაშვილი - საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოწონებულია
გურამ მაჭარაშვილი - საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოწონებულია

საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოწონებულია, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებებით, ამომრჩეველს დაცულობის განცდა ექნება.

„საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება გამოითქვა. ცვლილებები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოწონებულია. არსებული კანონმდებლობითაც შევძლებდით, რომ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩაგვეტარებინა, მაგრამ ახალი ცვლილებებით საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება. ამომრჩეველს განცდა ექნება, რომ ეს პროცესი დაცული და მისი თავისუფალი ნება უზრუნველყოფილი იქნება. მაღალი მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენს პროექტს მხარდაჭერა ექნება, რადგან ის ემსახურება წინასაარჩევნო კამპანიასა და არჩევნების დღეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„საარჩევნო კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე, „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თანახმად, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სანქციები მკაცრდება. კანონპროექტს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ.

დატოვე კომენტარი