ატენის ქუჩის მცხოვრებლებმა 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს
ატენის ქუჩის მცხოვრებლებმა 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობა სახალხო დამცველის ოფისთან გააპროტესტეს. მათ მოითხოვეს, რომ აღნიშნული პრობლემით ნინო ლომჯარია დაინტერესდეს და შესაბამისი რეკომენდაციებიც გასცეს.
სახალხო დამცველის ოფისთან ის ადამიანებიც იმყოფებოდნენ, ვინც უკვე რამდენიმე წელია აღნიშნული კორპუსის აშენებას ელოდებიან. მათი თქმით, დაზარალებულები თავად არიან და არა ის ადამიანები, რომლებიც მშნებლობას აპროტესტებენ.
როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ საკითხს შეისწავლის.
„აქციაზე აღნიშნული საკითხი გახდა სახალხო დამცველის აპარატის შესწავლის ობიექტი. 2017 წელს სახალხო დამცველის რეკომენდაცია იყო, თბილისის მერიას დაესაბუთებინა, რის საფუძველზე გასცა მშენებლობის ნებართვა. დღეს სახალხო დამცველის სახელზე განცხადება შემოიტანეს. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ, თუ რა ნაბიჯები გადადგა მერიამ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობის პროცესში დაცული იყოს საზოგადოების ინტერესები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.