ატენის ქუჩის მცხოვრებლები 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ
ატენის ქუჩის მცხოვრებლები მერიის წინააღმდეგ პროკურატურაში ჩივილს აპირებენ. ისინი ქუჩაზე 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ მერიამ მშენებლობის ნებართვის გაცემით არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მშენებლობისთვის კოეფიციენტის გაზრდა ბათილად იქნა გამოცხადებული. ეს კი, ადვოკატის მტკიცებით, სისხლის სამართლის დანაშაულია.
“ატენის ქუჩა არის ჩიხი და ამ ჩიხში ბეტონის მონსტრის, 27-სართულიანი სახლის ჩადგმა დაღუპავს მთლიანად იმ გარემოს და უბანს, რომელიც ისედაც ძალიან ვიწროდ არის დასახლებული”,- განაცხადა პრესკონფერენციაზე მსახიობმა ეკა ანდრონიკაშვილმა.
საკითხზე კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა.
მისი თქმით, პროექტში შეტანილი ცვლილებები ზონალურმა საბჭომ სამართლიანად ცნო.
“სასამართლო გადაწყვეტილება იყო, რომ ხელახლა ემსჯელა მერიის შესაბამის სამსახურებს. აგვისტოს თვეში ზონალურმა საბჭომ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, იმსჯელა ხელახლა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და ჩათვალა, რომ ის კოეფიციენტები, რაც იყო მიღებული, იყო სამართლიანი და სწორი. შესაბამისად, დარჩა ფორმალური პროცედურები, რომლის დარღვევაც შეუძლებელია. მერიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა რამდენად სწორი იქნება, არ ვიცი, მათ რა თქმა უნდა, აქვთ უფლება იჩივლონ და სასამართლოს გზით ისევ სცადონ ამ საკითხის გადაწყვეტა. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ზონალურმა საბჭომ, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ, ხელახალი მსჯელობის შემდეგაც იგივე გადაწყვეტილება მიიღო. იმ პერიოდში ზონალური საბჭო იყო მოქმედი, ეს იყო ის ორგანო, რომლითაც მერია აფასებდა კონკრეტულ პროექტებს. ზონალურმა საბჭომ დაადგინა, რომ ის ცვლილებები, რაც პროექტში იყო შეტანილი, იყო სამართლიანი”, -განაცხადა ელოშვილმა.