ასტრონომებმა კოსმოსური აბლაბუდის ძაფებს ახალი, შთამბეჭდავი ფოტო გადაუღეს — #1tvმეცნიერება
ასტრონომებმა კოსმოსური აბლაბუდის ძაფებს ახალი, შთამბეჭდავი ფოტო გადაუღეს — #1tvმეცნიერება

მიუხედავად იმისა, რომ სამყარო უზარმაზარია და მთელი მისი მატერია ქაოსურად არის მიმოფანტული, მასში იმაზე გაცილებით მეტი სტრუქტურაა, ვიდრე ჩვენ ვხედავთ.

სამყაროს შესახებ ჩვენი მოდელებისა და სულ უფრო მეტი მტკიცებულების მიხედვით, ბნელი მატერიის ფილამენტები, ანუ ძაფისებრი, გრძელი სტრუქტურები ერთმანეთთან აკავშირებს გიგანტურ ობიექტებს — გალაქტიკებსა თუ გალაქტიკათგროვებს და წარმოქმნის ვრცელ კოსმოსურ აბლაბუდას.

სწორედ ამ ფილამენტების გასწვრივ მიედინება წყალბადი, რომელიც შემდეგ გალაქტიკებში ჩაედინება, მაგრამ მათი დანახვა ადვილი არ არის. კაშკაშა ვარსკვლავებს, გალაქტიკებსა და გალაქტიკათა ბირთვებს შორის, გალაქტიკათშორის სივრცეში არსებული დიფუზიური წყალბადის მკრთალი გამოსხივება ურთულესი შესამჩნევია.

თუმცა, ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ. წლობით მუშაობის შემდეგ, ასტრონომთა ჯგუფმა ლიონის ასტროფიზიკური კვლევითი ცენტრის ასტრონომის, როლან ბაკონის ხელმძღვანელობით, პირდაპირ გადაიღო ადრეული სამყაროს კოსმოსური აბლაბუდის რამდენიმე ფილამენტი, რომლებიც ჩვენგან 12 მილიარდი სინათლის წლით არის დაშორებული.

მათ მიერ მიღებული შედეგები მხოლოდ კოსმოსური აბლაბუდას ამ დრომდე უძლიერესი მტკიცებულება როდია; ჯგუფმა ასევე მიაგნო იმის მტკიცებულებას, რომ ჯუჯა გალაქტიკათა დიდი პოპულაცია ფილამენტებში წყალბადის ნათებას კვებავს. ამ აღმოჩენამ შეიძლება დრამატულად შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა ადრეულ სამყაროში გალაქტიკების წარმოქმნის შესახებ.

ვინაიდან კოსმოსური აბლაბუდას დანახვა ურთულესია, ჩვენს ხელთ არსებულ მტკიცებულებათა უმეტესობა არაპირდაპირი იყო. შორეული სინათლის გზის გამრუდების საძებნელად, მეცნიერთა ნაწილი მასის მიერ სივრცე-დროის გამრუდებას აკვირდება —ამ მეთოდს გრავიტაციული ლინზირება ეწოდება და მიუთითებდა, რომ კოსმოსური აბლაბუდის ძაფები მის წყაროსა და ჩვენ შორის არის.

ფილამენტების გასწვრივ არსებული წყალბადის შთანთქმის საძებნელად, სხვა მკვლევრები უკიდურესად კაშკაშა შორეული გალაქტიკების, კვაზარების სინათლეს იყენებენ.

ბაკონმა და მისმა ჯგუფმა სხვა მიდგომა გამოიყენა — ცის ძალიან პატარა მონაკვეთს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ძალიან მძლავრი ტელესკოპით დააკვირდა. ეს გახლდათ ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ჩილეში განთავსებული ძალიან დიდი ტელესკოპის (VLT) ინსტრუმენტი MUSE, რომლითაც ჯგუფი 140 საათის განმავლობაში აკვირდებოდა ცის იმ მონაკვეთს, რომელიც ასევე ჩანს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის სახელგანთქმულ ფოტოზე Ultra-Deep Field.

მსგავსი კვლევა ადრეც არის ჩატარებული, რომელშიც ასტრონომები გალაქტიკათგროვებში ეძებდნენ სინათლის სიმებს — თავად გალაქტიკების მიერ იონიზებული აირის ძაფებს. ამ შემთხვევაში, ბაკონის კვლევა წინა კვლევებისგან განსხვავდება: ისინი ექსტრემალურ გარემოს იკვლევდნენ, ბეკონის ჯგუფმა კი განზრახ მიმართა გარკვეულწილად შეუსწავლელ გარემოს.

დაკვირვებებს ასტრონომები 2018 წლის აგვისტოდან 2019 წლის იანვრამდე აწარმოებდნენ. ხელშეშლის მინიმუმამდე დასაყვანად, დაკვირვებებს მხოლოდ ახალმთვარეობისას აწარმოებდნენ.

ამის შემდეგ, ჯგუფმა მონაცემები დაამუშავა და ანალიზები ჩაუტარა, რასაც კიდევ ერთი წელი დასჭირდა. თუმცა, მუშაობა ამად ნამდვილად ღირდა — აღმოჩნდა, რომ მათ მონაცემებში არსებულ გალაქტიკათა 40 პროცენტი ჰაბლის Ultra Deep Field-ში არ ჩანდა და რაც ყველაზე მთავარია, მილიონობით სინათლის წლის მანძილზე გადაჭიმულ კოსმოსური აბლაბუდის ფილამენტებში მანათობელი წყალბადის გადაღება შეძლეს.

ჯგუფის ანალიზი აჩვენებს, რომ წყალბადის გამოსხივების დიდი ნაწილი შეიძლება მოდიოდეს ვარსკვლავთწარმომქმნელ ჯუჯა გალაქტიკათა დიდ პოპულაციაზე, რომელიც ფილამენტის გასწვრივ ვრცელდება. რა თქმა უნდა, ისინი ინდივიდუალურად არ ჩანს, მაგრამ სამომავლო კვლევამ შეიძლება ეს აღმოჩენა დაადასტუროს, რასაც უდიდესი გავლენა ექნება სამყაროს შესახებ ჩვენს წარმოდგენაზე.

თუ ჯუჯა გალატიკები კოსმოსური აბლაბუდის ფილამენტების გასწვრივაც არის შეჯგუფებული, როგორც წყლის წვეთები ძაფის ძირში, შეიძლება აიხსნას, როგორ იქმნებიან და იზრდებიან გალაქტიკები, თანაც უზარმაზარ ზომებამდე ჯერ კიდევ ადრეულ სამყაროში; ეს სწორედ ის საკითხია, რაც ამ დრომდე თავგზას უბნევს კოსმოლოგებს.

გარდა ამისა, ვარსკვლავთწარმომქმნელ ჯუჯა გალაქტიკათა გამოსხივების ძებნა ასევე შეიძლება დაგვეხმაროს კოსმოსური აბლაბუდის უფრო მეტი ფილამენტის პოვნაში და უფრო გააღრმაოს ჩვენი წარმოდგენა იმის შესახებ, როგორ არის სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული.

კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.