ასტრონომებმა იხილეს, როგორ გადასცემს ენერგიას მზის წიაღი ატმოსფეროს — პირველად ისტორიაში
ასტრონომებმა იხილეს, როგორ გადასცემს ენერგიას მზის წიაღი ატმოსფეროს — პირველად ისტორიაში

მზის ატმოსფეროს ზედა ნაწილი ასჯერ და მეტჯერ ცხელია, ვიდრე მისი ზედაპირი, მაგრამ არავინ იცის, რატომ. ამ დიდი ხნის საიდუმლოს ამოხსნას ასტროფიზიკოსები მრავალი წელია ცდილობენ და შესაძლოა, სულ ახლახან, როგორც იქნა პასუხი იპოვეს.

მეცნიერები აქამდეც ვარაუდობდნენ, რომ გათბობის ეფექტს იწვევდა მზის წიაღიდან ამოტყორცნილი პლაზმის ჭავლები, რომლებსაც სპიკულებს უწოდებენ. პირველად ისტორიაში, ახალი კვლევის ფარგლებში ისინი პირდაპირ დააკვირდნენ სწორედ ამ პროცესს.

ახალმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ როდესაც მზის ზედაპირზე მაგნიტური ველები ადგილს ცვლიან და გადაეწყობიან, წარმოიქმნება სპიკულები.

მაგნიტური ველის ენერგია გარდაიქმნება კინეტიკურ და თერმულ ენერგიად, რაც შემდეგ სპიკულებს გადაეცემა და ქრომოსფეროს გავლით ამოიფრქვევა მზის ატმოსფეროს ყველაზე ზედა ნაწილამდე, რომელსაც გვირგვინს (კორონა) უწოდებენ.

მოსაზრება, რომ სპიკულებს მზის მაგნიტური დაძაბულობა იწვევდა, აქამდეც არსებობდა, რადგან სწორედ ამაზე მიუთითებდა დეტალური კომპიუტერული სიმულაციები. აშშ-ში მდებარე დიდი დათვის მზის ობსერვატორიის (BBSO) ტელესკოპების მაღალი რეზოლუციის ფოტოებზე ასტრონომებმა ახლახან იხილეს, რომ ეს პროცესი მართლაც ხდება.

ნიუ-ჯერსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მზის ფიზიკოსის, ვენდა ჩაოს განცხადებით, BBSO-ს უპრეცედენტოდ მაღალი რეზოლუციის დაკვირვებებმა ნათლად აჩვენა, რომ როცა საპირისიპირო პოლარობის მაგნიტური ველები მზის ქვედა ატმოსფეროში ხელახლა უერთდება ერთმანეთს, პლაზმის ეს ჭავლები უმძლავრესად ამოიფრქვევა.

ეს ჭავლები სიგანეში 200-500 კილომეტრია, ადის ათასობით კმ სიმაღლეზე, შემდეგ კი კოლაფსირდება. მოძრაობენ უსწრაფესად, დაახლოებით 100 კმ/წმ სიჩქარით.

იმის გასარკვევად, თუ რამდენი ენერგია გადაეცემა მზის ატმოსფეროს ზედა შრეებს, მკვლევრებმა ასევე გამოიყენეს ნასას მზის დინამიკის ობსერვატორიის მიერ გადაღებული უკიდურესი ულტრაიისფერი (EUV) სპექტრი.

ამ ფოტოებმა დაადასტურა, რომ სპიკულების ტემპერატურა მილიონ გრადუს ცელსიუსამდე აღწევს. ძლიერი ენერგიის ასეთი ანთება შეიძლება სრულიად საკმარისი იყოს მზის გვირგვინის იმ მაჩვენებლამდე გასაცხელებლად, რასაც მეცნიერები აქამდე აფიქსირებდნენ.

ამ კვლევისათვის შეგროვებულ მონაცემებში გადამწყვეტი აღმოჩნდა BBSO-ს მიერ გადაღებული მაღალი რეზოლუციის ფოტოები, რომელთა მსგავსი დეტალიზაცია ამ დრომდე ხელმისაწვდომი არ იყო. კოსმოსზე დაკვირვების ტექნოლოგიების დახვეწას, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი აღმოჩენა მოსდევს.

ჩაოს თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა სპიკულების წარნმოქმნის გზის პირველი პირდაპირი მტკიცებულება ვიხილეთ.

ჩვენი დედავარსკვლავის, მზის შესახებ ჯერ ისევ უამრავი რამ გვაქვს შესასწავლი, რასაც მეცნიერები აქტიურად ცდილობენ და ბოლო წლებში ბევრ წარმატებასაც აღწევენ.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კვლევა საკმარისი არ არის და უფრო მეტი კვლევების საჭირო იმის საბოლოოდ დასამტკიცებლად, რომ მზის გვირგვინს სწორედ სპუკილები აცხელებს — ახლა გაცილებით უკეთ ვიცით ბევრი რამ სპიკულებისა და მათი ციკლების შესახებ.

როგორც ჯგუფი კვლევაში წერს, მათმა დაკვირვებებმა სპიკულების წარმოქმნაზე, შემდეგ გაცხელებასა და დინებებზე, გამოავლინა მასის სრული ციკლური სურათი ქრომოსფეროსა და გვირგვინს შორის.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.njit.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.