აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატი - დონალდ ტრამპს საკუთარი თავის შეწყალება შეუძლია, თუმცა ამას არ გააკეთებს
აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატი - დონალდ ტრამპს საკუთარი თავის შეწყალება შეუძლია, თუმცა ამას არ გააკეთებს

დონალდ ტრამპს საკუთარი თავის შეწყალება შეუძლია, თუმცა ამას არ გააკეთებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატმა, რუდი ჯულიანმა NBC-თან მიცემული ინტერვიუში განაცხადა.

როგორც იურისტმა ჟურნალისტთან საუბრის დროს განაცხადა, პრეზიდენტის მიერ ფედერალური დანაშაულის შეწყალების უფლებამოსილებას არაფერი ზღუდავს. სწორედ ამიტომ, ადვოკატის თქმით, დონალდ ტრამპს შეუძლია რუსეთთან შესაძლო კავშირის საქმეში საკუთარი თავი შეიწყალოს.

რუდი ჯულიანმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ გეგმავს. რადგან ეს სრულიად წარმოუდგენელი ფაქტი იქნება, ამას კი შესაძლოა დაუყოვნებელი იმპიჩმენტი მოჰყვეს.

რუდი ჯულიანმა დონალდ ტრამპსა და რობერტ მიულერს შორის შესაძლო შეხვედრის შესახებაც ისაუბრა. პრეზიდენტის ადვოკატმა აღნიშნა, რომ ეს ჯერ კიდევ ღია კითხვაა.

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ხელმძღვანელობით ჩატარებული გამოძიების მიხედვით, დონალდ ტრამპი ბრალდების სამიზნედ არ განიხილება. ამ ეტაპზე ის მხოლოდ გამოძიების ფიგურანტია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულები არ არსებობს.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიასა და კრემლს შორის, არავითარი საიდუმლო კავშირი არ ყოფილა. თავად პრეზიდენტი სპეციალური პროკურორის საქმიანობას „ალქაჯებზე ნადირობას“ უწოდებს.