დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი და მისი ვაჟი უკრაინული კომპანიის დახმარებით მილიონობით დოლარს ათეთრებდნენ
დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი და მისი ვაჟი უკრაინული კომპანიის დახმარებით მილიონობით დოლარს ათეთრებდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატი აცხადებს, რომ აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და მისი ვაჟი უკრაინული კომპანიის დახმარებით მილიონობით დოლარს ათეთრებდნენ.

ამის შესახებ რუდი ჯულიანიმ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატი ამბობს, მან მოახერხა შეეგროვებინა მტკიცებულება, რომ ჯო ბაიდენი და მისი შვილი ჰანთერი, იმ კორუფციულ სქემაში ფიგურირებენ, რომელიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მმართველობის დროს მოქმედებდა.

ნიუ იორკის ყოფილი მერი ამტკიცებს, რომ „უკრაინიდან ასობით მილიარდი დოლარი მოიპარეს“.

ამასთან, რუდი ჯულიანი აცხადებს, რომ უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ვიკტორ შოკინი ჩვენებაში აღიარებს, რომ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა მისი გადადგომა „ობამას ადმინისტრაციის და კერძოდ ჯო ბაიდენის ზეწოლის გამო მოითხოვა“.

ჯულიანის თქმით, შოკინი ხელმძღვანელობდა ანტიკორუფციულ გამოძიებას, რომელიც კომპანია „ბურისმას“ ეხებოდა. სწორედ ამ კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟი.

ტრამპის ადვოკატი აცხადებს, რომ შოკინის გადადგომა პოროშენკომ მას შემდეგ მოთხოვა, რაც ჯო ბაიდენი უკრაინის ხელისუფლებას ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების შეჩერებით დაემუქრა.

ჯულიანი ამტკიცებს, რომ მის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უკრაინაში მოქმედი კორუფციული სქემით შემოსავალი აშშ-ის დემოკრატული პარტიის არაერთმა წევრმა მიიღო.

„ფაქტები აჩვენებს, რომ კორუფცია უკრაინაში იყო იმდენად მასშტაბური და საშინელი, რომ დონალდ ტრამპი ვალდებული იყო ამ საქმის გამოძიება მოეთხოვა. იმპიჩმენტის პროცესი, რომელიც დემოკრატებმა წამოიწყეს, სინამდვილეში ამ კორუფციის გადაფარვის მცდელობაა. აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტი უკრაინის ყოფილ ხელისუფლებასთან შეთქმულებაში მონაწილეობდნენ, რომლის მიზანიც კანდიდატ ტრამპის განადგურება იყო. პოროშენკო და მისი მოკავშირეები ერეოდნენ აშშ-ის დემოკრატიული არჩევნებში და ამისთვის ისინი პასუხს აგებენ“, – აცხადებს ჯულიანი.