აშშ კორონავირუსის საწინააღმდეგო ავტორიზებული ვაქცინების 20 მილიონ დოზას სხვა ქვეყნებს გაუგზავნის
აშშ კორონავირუსის საწინააღმდეგო ავტორიზებული ვაქცინების 20 მილიონ დოზას სხვა ქვეყნებს გაუგზავნის

აშშ კორონავირუსის საწინააღმდეგო ავტორიზებული ვაქცინების 20 მილიონ დოზას სხვა ქვეყნებს გაუგზავნის. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

კერძოდ, საუბარია „ფაიზერის“, „მოდერნასა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის 20 მილიონ დოზაზე. როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ უზიარებს სხვა ქვეყნებს შიდა მოხმარებისთვს ავტორიზებულ ვაქცინებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ჯო ბაიდენმა გამოაცხადა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 60 მილიონი დოზის სხვა ქვეყნებისთვის გაზიარების გეგმის შესახებ. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მარეგულირებელ უწყებას „ასტრაზენეკასკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოსაყენებლად დამტკიცებული არ აქვს.

„ჩვენ ვიცით, რომ აშშ არასდროს იქნება სრულად უსაფრთხო, ვიდრე კონტროლს არ დაექვემდებარება პანდემია, რომელიც გლობალურად მძვინვარებს. არც ერთი ოკეანე არ არის საკმარისად ფართო და არც ერთი კედელი არ არის საკმარისი ჩვენი უსაფრთხოებისთვის. მძვინვარე დაავადება და სიკვდილი სხვა ქვეყნებში ახდენს ამ ქვეყნების დესტაბილიზაციას და ასევე წარმოადგენს საფრთხეს ჩვენთვის. საზღვარგარეთ შესაძლოა, გაჩნდეს ახალი ვარიანტები, რომლებმაც უფრო დიდი რისკის წინაშე დაგვაყენოს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მთელ მსოფლიოს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი უსაფრთხოება აქ, სახლში და ჩვენ უნდა მოვიქცეთ სწორად, რაც სხვა ხალხის დახმარებას გულისხმობს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის ლიდერის თქმით, 80 მილიონი დოზის სხვა ქვეყნებისთვის განაწილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის „კოვაქსის“ პროგრამისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით მოხდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ვაქცინების სამართლიანი განაწილება.

„ჩვენ გავუზიარებთ ამ ვაქცინებს მსოფლიოში პანდემიის დასრულების ხელშეწყობისთვის და ჩვენ არ გამოვიყენებთ ამ ვაქცინებს სხვა ქვეყნების მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ჩვენ ვიმუშავებთ „კოვაქსთან“, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ვაქცინები მიწოდებულია სამართლიანად, სამეცნიერო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემების საფუძველზე“, -აღნიშნა ბაიდენმა.