აშშ-ის საელჩო - პატივს მივაგებთ დათა ვანიშვილის ხსოვნას, რომლის სიმტკიცეც რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება
დათა ვანიშვილის სიმტკიცე რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
„პატივს მივაგებთ დათა ვანიშვილის ხსოვნას, რომლის სიმტკიცეც რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება, სანამ რუსეთი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა. ვანიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფლის სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს.
დათა ვანიშვილის საცხოვრებელ სახლთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მავთულხლართები 2011 წელს აღმართეს, რის გამოც, მისი სახლი საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა. მეუღლესთან ერთად, მან სახლი არ დატოვა. ასევე, უარი თქვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მიღებაზე.