სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან დათა ვანიშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან დათა ვანიშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.

მათ დათა ვანიშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს და ე.წ. გამყოფ ხაზთან ყვავილები დატოვეს.

„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ღრმა მწუხარება დათა პაპას გარდაცვალების გამო. ადამიანის, რომელიც გახდა სიმბოლო არა მხოლოდ ოკუპაციის, არამედ ქართველი კაცის სულით უტეხობის. რაც შეეხება ოკუპირებულ მხარეს, სამძიმარზე ნათესავების შესვლას, ამაზე კომუნიკაცია დამყარებულია არსებული არხების მეშვეობით“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.

ამასთან, შიდა ქართლის გუბერნატორის, მამუკა საღარეიშვილის თქმით, დათა ვანიშვილი ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო. დათა პაპა რჩება ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ, როგორც უშიშარი და ღირსეული ადამიანი. ჩვენ როგორც სამხარეო ადმინისტრაცია და მერია, სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა მამუკა საღარეიშვილმა.

როგორც აღინიშნა, სუს-მა კიდევ ერთხელ გააქტიურა ცხელი ხაზი, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ოკუპირებულ მხარეს, სამძიმარზე ახლო ნათესავების შეშვებასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მოხდა შეთანხმება, რის შედეგადაც ოკუპირებულ მხარეს დათა ვანიშვილის ახლო ნათესავები გადავიდნენ.

დათა ვანიშვილის სახლი ოკუპირებულ მხარეს 2011 წელს მოექცა. მეუღლესთან ერთად მან სახლი არ დატოვა. უარი თქვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მიღებაზე.