ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია ჩრდილოეთ კორეას ეწვია. ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრისთვის მზადების პროცესს ფილიპინებში აშშ-ის ელჩი სუნ კიმი ხელმძღვანელობს. ამერიკელ დიპლომატს წარსულში ელჩის პოსტი სამხრეთ კორეაში ეკავა.
ამერიკის შეერთებული შტატების და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრის შესახებ საუბარი მარტში დაიწყო, როდესაც ფხენიანი ისტორიული სამიტის ინიციატივით გამოვიდა. სწორედ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით დეტალებზე სასაუბროდ ჩრდილოეთ კორეას აპრილის დასაწყისში მაიკ პომპეო ეწვია, რომელიც მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა ისტორიული სამიტის შესაძლო გაუქმების შესახებ განაცხადა. მიზეზად კი ჩრდილოეთ კორეის ბოლოდროინდელი განცხადებები დაასახელა, რომლებიც ღია მუქარას შეიცავდნენ. თუმცა, 26 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიკრობლოგ Twitter-ზე ჩრდილოეთ კორეასთან პროდუქტიული მოლაპარაკებების შესახებ დაწერა და სინგაპურში დაგეგმილი სამიტის დროულად ჩატარება არ გამორიცხა.
ისტორიული სამიტისთვის მზადყოფნას გამოთქვამს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინიც.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია