„არტ-გენი 2018-ის“ თბილისის ტური ნინო ქათამაძისა და ჯგუფ Insight-ის კონცერტით გაიხსნა. ერთი კვირის განმავლობაში მსმენელს საშუალება ექნება, ქართველი შემსრულებლების გამოსვლები, ტრადიციულად, ეთნოგრაფიულ მუზეუმში იხილოს.
დაგეგმილია ჯგუფ „ფრანის“, რობი კუხიანიძის, სუხიშვილებისა და სხვა ქართველი შემსრულებლების გამოსვლა. ფესტივალს 15 ივლისს ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33ა დახურავს.
„არტ-გენი 2018“-მა სტარტი 21 ივნისს აიღო და ცხრა დღის განმავლობაში საქართველოს ოთხ რეგიონში – აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და ლეჩხუმში ჩატარდა.
წლევანდელი წელი „არტ-გენისთვის“ საიუბილეოა. ზუსტად 15 წლის წინ ორგანიზატორებმა მსმენელებს ახალი ფესტივალი შესთავაზეს, რომლის მთავარი მიზანი ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში შეკრება და მსმენელამდე მიტანა იყო. სწორედ „არტ-გენის“ ფარგლებში შეიკრიბა და დაარქივდა უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები, საზოგადოებამ გაიცნო ბევრი ახალი და ნიჭიერი სახე. ფესტივალი ტრადიციას აგრძელებს, ყოველწლიურად მსმენელებს სიახლეებს შესთავაზებს და დებიუტანტებს გააცნობს.