რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ინიციატივით გამოდის, ნინო ქათამაძეს რუსეთში ჩასვლა შეეზღუდოს
რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ინიციატივით გამოდის, ნინო ქათამაძეს რუსეთში ჩასვლა შეეზღუდოს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ალექსეი პუშკოვი ქართველი მომღერლის, ნინო ქათამაძისთვის რუსეთში ჩასვლის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ პუშკოვმა ფედერაციის საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რაზეც საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ მას აღნიშნული ინიციატივის ოფიციალურად წარდგენა შესთავაზა.

„ჩემი აზრით, ქათამაძის განცხადება, რომელიც ამტკიცებს, რომ მას სძულს რუსეთი, თუმცა ამავე დროს, ჩამოდის აქ კონცერტებში მონაწილეობისთვის და ფულის გამოსამუშავებლად, ამორალური, ცინიკურია. ამასთან დაკავშირებით შემოგთავაზებდით მასზე რუსეთის ფედერაციაში ჩასვლასთან დაკავშირებული შემზღუდავი ზომების გავრცელებას“, – განაცხადა ალექსეი პუშკოვმა.

ფედერაციის საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ ანალოგიური ზომები უნდა ამოქმედდეს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც „რუსოფობიურ გამოთქმებს“ უშვებს. ალექსეი პუშკოვის განცხადებას სხდომათა დარბაზში ტაში მოჰყვა.

„დარბაზის რეაქცია მხარს უჭერს თქვენს წინადადებას, მოდით, ფორმალური სახე მივცეთ მას“, – აღნიშნა ვალენტინა მატვიენკომ.

მომღერალმა, ნინო ქათამაძემ 22 ივნისს რუსეთში კონცერტი გამართა, რასაც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ თბილისში საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. ამ საკითხს მოგვიანებით, ნინო ქათამაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან დაწერა, რომ 22 ივნისს რუსეთში კონცერტში მონაწილეობაზე უარი მხოლოდ 9 წლის უსინათლო გოგოს გამო ვერ თქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს მისი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში. „რუსეთი ოკუპანტია, პუტინი ჩვენი საერთო მტერი“, – წერს ასევე ნინო ქათამაძე „ფეისბუქპოსტში“.

დატოვე კომენტარი