ფესტივალი „არტ-გენი 2019“ 16 ივნისს რეგიონული ტურნეთი გაიხსნება
ფესტივალი „არტ-გენი 2019“ 16 ივნისს რეგიონული ტურნეთი გაიხსნება

ფესტივალი „არტ-გენი 2019“ 16 ივნისს რეგიონული ტურნეთი გაიხსნება. პირველი კონცერტი ახმეტაში გაიმართება, ახმეტის შემდეგ კი, „არტ-გენი“ 22 ივნისს, აჭარაში, ქედაში გადაინაცვლებს. რეგიონული ტურნე 28 ივნისს იმერეთში, ხონში, სოფელ გორდში დასრულდება.

ახმეტაში მოეწყობა რეგიონული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, დასკვნით კონცერტს კი ჯგუფი „ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური გამართავენ. ხოლო ქედაში, სოფელ მახუნცეთში, ტრადიციული პროგრამის შემდეგ, დასკვნით კონცერტებს ჯგუფი Asea Sool და Reggaeon გამართავენ. ხონში კი, „არტ-გენის“ რეგიონულ ტურნეს ჯგუფი „ფრანი“ დაასრულებს.

თბილისი კი ფესტივალს ტრადიციულად, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 7-14 ივლისს უმასპინძლებს. თბილისის ტურს დათო ევგენიძე გახსნის. ევგენიძის კონცერტამდე კი საქართველოს პირველი არხის მუსიკალური პროექტის, „აკუსტიკის“ კონცერტი გაიმართება.

8 ივლისს ფესტივალის პროგრამას Asea Sool და ბაკურ ბურდული გააგრძელებენ, 9 ივლისს – Reggaeon, 10 ივლისს ჯგუფი „ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური, 11 ივლისს – „ფრანი“. 12 ივლისს ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება, 13 ივლისს კი, კონცერტზე ნიაზ დიასამიძე წარდგება. „არტ-გენი 2019“ 14 ივლისს „სუხიშვილების“ კონცერტით დაიხურება.

ფესტივალი „არტ-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. ამ დროის განმავლობაში ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დაარქივა.