არშემდგარი ვარსკვლავის ატმოსფეროში ქვიშის ღრუბლები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით ჩატარებული ახალი დაკვირვებები პირდაპირ ადასტურებს, რომ ზოგიერთ უცხო პლანეტას ქვიანი ღრუბლები აქვს.
ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფის განცხადებით, ყავისფერი ჯუჯის ატმოსფეროში ტელესკოპმა პირდაპირ დააფიქსირა სილიკატის ღრუბლები. მკვლევართა ცნობით, მზის სისტემის მიღმა, პლანეტური მასის კომპანიონში ასეთი აღმოჩენა ისტორიაში პირველად მოხდა.
ჯგუფის განცხადებით, შედეგები არა მხოლოდ ე. წ. არშემდგარ ვარსკვლავთა უკეთესად შესწავლაში დაგვეხმარება, არამედ წარმოადგენს უბრალოდ პროგნოზს იმისა, რაც ჯეიმს ვებს შეუძლია.
პუბლიკაცია უკვე გადაეგზავნა AAS journals-ს, იქამდე კი ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე arXiv.
უკვე ვიხილეთ ჯეიმს ვების მიერ ეგზოპლანეტისთვის გადაღებული პირდაპირი ფოტოც, მაგრამ ყავისფერი ჯუჯა ცოტა სხვა რამეა.
ასეთი ობიექტები მაშინ ჩნდება, როდესაც „ჩვილი“ ვარსკვლავი ბირთვში წყალბადის სინთეზის დასაწყებად საჭირო მასას ვერ აგროვებს; შედეგად, იკავებენ მასის დიაპაზონს ყველაზე დიდ პლანეტებსა და ყველაზე სუსტ ვარსკვლავებს შორის.
თუმცა, ყავისფერი ჯუჯების მასა დაახლოებით 13,6-ჯერ აღემატება იუპიტერისას (ბოდიში იუპიტერო, ეს შენც სცადე, მაგრამ არ გამოგივიდა) და შეუძლიათ დეიტერიუმის, ანუ მძიმე წყალბადის სინთეზი — ეს გახლავთ წყალბადი, რომელსაც ბირთვში მხოლოდ ერთი პროტონის ნაცვლად აქვს პროტონი და ნეიტრონი.
დეიტერიუმის სინთეზის წნევა და ტემპერატურა წყალბადისაზე დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყავისფერი ჯუჯები ერთგვარი „ლაითი“ ვარსკვლავებია.
ანუ, ეგზოპლანეტებისგან განსხვავებით, ყავისფერი ჯუჯები საკუთარ სითბოსა და სინათლეს გამოყოფენ. რა თქმა უნდა, ვარსკვლავებზე გაცილებით ნაკლებს, მაგრამ შესაძლებელია მისი პირდაპირ დაფიქსირება, განსაკუთრებით კი ინფრაწითელ ტალღის სიგრძეში, რომელშიც ჯეიმს ვებია სპეციალიზებული.
სანტა-კრუსის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, ასტრონომ ბრიტანი მაილსის ხელმძღვანელობით, დაკვირვებები ჩაუტარა ჩვენგან დაახლოებით 72 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ყავისფერ ჯუჯას, სახელად VHS 1256-1257 b, რომელიც პირველად 2015 წელს აღწერეს.
მას დაახლოებით 19 იუპიტერის მასა აქვს და შედარებით ახალგაზრდაა; გამოირჩევა მოწითალო ნისლიანი ატმოსფეროთი.
წარსულში ამ ნისლს ახალგაზრდა ყავისფერი ჯუჯების ღრუბლებს უკავშირებდნენ; ამიტომ, ჯგუფმა ინფრაწითელი სპექტრი აიღო, რათა დარწმუნებულიყვნენ, შეძლებდნენ თუ არა ყავისფერი ჯუჯის შემადგენლობის გარკვევას.
ამას კი იმის საფუძველზე ადგენენ, რომ სხვადასხვა ელემენტი ტალღის სხვადასხვა სიგრძეს შთანთქავს და ხელახლა გამოყოფს. მეცნიერებს სპექტრში შეუძლიათ დაინახონ ბნელი და კაშკაშა მახასიათებლები და ამის შედეგად განსაზღვრონ ის ელემენტები, რომლებიც ამას იწვევს.
ჯგუფმა დაადგინა, რომ VHS 1256-1257 b-ის შემადგენლობა ინფრაწითელ დიაპაზონში შესწავლილ სხვა ყავისფერ ჯუჯათა მსგავსი იყო, მაგრამ გაცილებით მკაფიო.
„სხვა სანიმუშო ყავისფერ ჯუჯათა სპექტრის, მოლეკულური გამჭვირვალობის და ატმოსფერული მოდელების შედარებაზე დაყრდნობით, ჯეიმს ვების მიერ მოპოვებულ სპექტრში დავაკვირდით წყალს, მეთანს, ნახშირჟანგს (CO), ნახშირორჟანგს, ნატრიუმსა და კალიუმს“, — წერენ მკვლევრები.
მათი განცხადებით, ნახშირჟანგის მახასიათებელი ყველაზე მკაფიოა აქამდე ნანახთა შორის. როგორც იმედოვნებდნენ, ასევე დააფიქსირეს ღრუბლები — მიკრონზე მცირე ქვიშის მარცვლების ზომის სილიციუმის ნაწილაკების სქელი ფენის დიდი ხნის ნავარაუდევი ღრუბლები. მკვლევართა აზრით, სავარაუდოდ, ეს გახლავთ ისეთი მინერალები, როგორებიცაა ფორსტერიტი, ენსტატიტი ან კვარცი.
როგორც ჩანს, ამით შეიძლება საბოლოოდ დადასტურდეს, რომ ახალგაზრდა ყავისფერ ჯუჯებს გარს აკრავთ სილიკატური ღრუბლები, რომლებიც გავლენას ახდენენ მათი სიკაშკაშის ცვალებადობაზე.
ეს კი მომავალში ყავისფერ ჯუჯებზე დაკვირვებების ინტერპრეტაციის საშუალებას გვაძლევს.
კვლევა ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე arXiv.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.