ჯეიმს ვებმა შორეულ ეგზოპლანეტას პირველი პირდაპირი ფოტო გადაუღო — #1tvმეცნიერება
ჯეიმს ვებმა შორეულ ეგზოპლანეტას პირველი პირდაპირი ფოტო გადაუღო — #1tvმეცნიერება

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა შორეულ ვარსკვლავთან მოძრავ პლანეტას პირველი პირდაპირი სურათი გადაუღო.

გაზის გიგანტის მკრთალი ნათება ტელესკოპმა ჩვენგან 350 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ახალგაზრდა ვარსკვლავთან დააფიქსირა; ეს გახლდათ დემონსტრაცია იმისა, რომ ტელესკოპს ეგზოპლანეტებზე პირდაპირი დაკვირვება შეუძლია. ტექნიკურად რთულია, მაგრამ ეს გაცილებით სხვაგვარ ხელსაწყოს გვთავაზობს ეგზოპლანეტების შესასწავლად, ვიდრე არაპირდაპირი მეთოდები, რომლებსაც ამჟამად იყენებენ.

„გარდამტეხი მომენტია, არა მხოლოდ ვების, არამედ ზოგადად, ასტრონომიისთვის“, — ამბობს ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტის ფიზიკოსი და ასტრონომი საშა ჰინკლი.

ამ დროისათვის, ოფიციალურად აღმოჩენილია მზის სისტემის მიღმა, ირმის ნახტომის სხვა ვარსკვლავებთან მოძრავი 5000 პლანეტა. მათ უმეტესობაზე ჩატარებულია მხოლოდ არაპირდაპირი დაკვირვებები, იმ ეფექტების საშუალებით, რომლებიც მათ საკუთარ დედავარსკვლავზე აქვთ.

როდესაც ეგზოპლანეტა თავის ვარსკვლავსა და ჩვენს შორის ჩაივლის, ვარსკვლავის სინათლე ოდნავ ბნელდება; თუკი რეგულარული ინტერვალების მქონე ასეთ ჩაბნელებებს დავაფიქსირებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ეგზოპლანეტა მოძრაობს.

ამას გარდა, ეგზოპლანეტას საკუთარ ვარსკვლავზე უმცირესი გრავიტაციული გავლენაც აქვს, რისი დაფიქსირებაც შესაძლებელია ვარსკვლავის სინათლის ტალღის სიგრძეების რეგულარული ცვლილებების სახით. ორივე ეს მეთოდი საუკეთესოდ მუშაობს ვარსკვლავთან ახლომდებარე პლანეტებზე.

ეგზოპლანეტებზე პირდაპირი დაკვირვებები იშვიათია; ამ დროისათვის, მაღალი კონტრასტით გადაღებულია მხოლოდ 20 მათგანი. ეგზოპლანეტები ჩვენი ინსტრუმენტებისგან ძალიან შორს არის, არიან ძლიერ პატარები და მკრთალები, განსაკუთრებით მათი ვარსკვლავის სიკაშკაშის ფონზე.

ეგზოპლანეტა შეიძლება გაცილებით მკრთალი იყოს, ვიდრე მათი ვარსკვლავის დიფრაქციული სინათლის ჰალო; თუმცა, ეს გახლავთ ჩვენს ხელთ არსებული საუკეთესო ხელსაწყო ვარსკვლავის გარშემო შორ მანძილზე, მრავალწლიან ორბიტაზე მოძრავ ეგზოპლანეტათა დასახასიათებლად.

ჯეიმს ვები,ეგზოპლანეტა

ეგზოპლანეტების მეცნიერები ჯეიმს ვებზე დიდ იმედებს ამყარებენ, რადგან მას მაღალი მგრძნობელობა აქვს. როგორც ჩანს, მათი იმედები მართლდება.

ტელესკოპის მიერ გადაღებული ეგზოპლანეტის სახელია HIP 65426 b და ის გარს უვლის A-ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავს, სახელად HIP 65426 ან HD 116434. პლანეტა ამ ვარსკვლავის გარშემო 110 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან მოძრაობს, ანუ დედამიწასა და მზეს შორის არსებული მანძილიდან 110-ჯერ უფრო შორიდან.

ის 2017 წელს აღმოაჩინეს, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ძალიან დიდი ტელესკოპის (VLT) ინსტრუმენტით, რომელსაც SPHERE-ს უწოდებენ. ეს ინსტრუმენტი აღჭურვილია ხელსაწყოთი, სახელად კორონოგრაფი, რომელიც ვარსკვლავის სინათლეს მინიმუმამდე ამცირებს, რათა ეგზოპლანეტის ნათება დავინახოთ.

VLT-ის მიერ დაფიქსირებულ ახლო-ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში, ეგზოპლანეტა დაახლოებით 10 000-ჯერ მკრთალია, ვიდრე ვარსკვლავი.

ვინაიდან ჯეიმს ვები კოსმოსშია და ხელს არ უშლის დედამიწის ატმოსფერო, ამავე დროს, ხედავს უფრო გრძელ ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებს, ვიდრე VLT, მისმა დაკვირვებებმა ეგზოპლანეტის შესახებ ახალი დეტალები გამოავლინა.

მაგალითად, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ HIP 65426 b-ს იუპიტერზე დაახლოებით 7,1-ჯერ მეტი მასა აქვს. შესაბამისად, ის სავარაუდოდ გაზის გიგანტია და ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, ხელსაყრელი იყოს სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისთვის.

ეგზოპლანეტის დაფიქსირება გამომწვევი აღმოჩნდა ჯეიმს ვების ინსტრუმენტ MIRI-თ შუა-ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში დაკვირვების შემდეგაც კი, ეგზოპლანეტა მაინც რამდენიმე ათასჯერ მკრთალი ჩანდა, ვიდრე ვარსკვლავი.

მიუხედავად ამისა, ჯეიმს ვებმა HIP 65426 b თავისი შვიდივე დაკვირვების ფილტრით დააფიქსირა და პირველად მოახერხა ეგზოპლანეტის დაფიქსირება 5 მიკრომეტრზე უფრო გრძელ ტალღის სიგრძეებში.

„ამ სურათის მიღება კოსმოსური საგანძურის თხრას ჰგავდა. თავიდან მხოლოდ ვარსკვლავის სინათლეს ვხედავდი, მაგრამ სურათის ფრთხილად დამუშავების შემდეგ, სინათლის მოხსნა და პლანეტის დანახვა შევძელი“, — ამბობს სანტა-კრუსის კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომი ერინ კარტერი.

ჯგუფის განცხადებით, ტელესკოპმა კონტრასტის მოსალოდნელ შესრულებას ათჯერ გადააჭარბა, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ეგზოპლანეტის მაღალი კონტრასტით, პირდაპირ გადაღებისთვის. ასეთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჯგუფი ვარაუდობს, რომ ჯეიმს ვები იუპიტერზე სამჯერ ნაკლები მასის მქონე პლანეტების დანახვასაც შეძლებს, თანაც ვარსკვლავიდან 100 ასტრონომიულ ერთეულზე შორსაც.

„ვფიქრობ, ყველაზე ამაღელვებელი ის არის, რომ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია. მომავალში ვიხილავთ ეგზოპლანეტების უამრავ სურათს, რომლებიც გააუმჯობესებს ჩვენს წარმოდგენას მათი ფიზიკის, ქიმიისა და ფორმაციის შესახებ. შეიძლება, ეგზოპლანეტების აქამდე უცნობი ტიპებიც კი აღმოვაჩინოთ“, — ამბობს კარტერი.

კვლევა ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე arXiv.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.