არსებული ინფორმაციით, მკვლელობისთვის დაკავებული და ძებნილი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები არიან
პირველი არხის ინფორმაციით, თბილისში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე დაკავებული და ძებნილი პირები თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები არიან.
პირველი არხი დაუკავშირდა პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორს ხათუნა ბარაბაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკითხზე ოფიციალური ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, სამართალდამცავი უწყებები არ დაკავშირებია.
„ცალსახად გეტყვით, რომ არანაირი ოფიციალური შეტყობინება ამის თაობაზე არ მიმიღია. ჩვენი სკოლიდან დაკითხვაზე იმყოფებოდნენ მოსწავლეები და რამდენადაც ვიცი, ისინი თავისუფლები არიან“, – განაცხადა ხათუნა ბარაბაძემ პირველ არხთან.
მისი თქმით, მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს და სამართალდამცავები გაარკვევენ, რა მოხდა. როგორც ხათუნა ბარაბაძემ აღნიშნა, მისი სკოლის მოსწავლეების დაკითხვის შესახებ მედიით შეიტყო.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ძებნილმა პირმა საქართველო დატოვა, თუმცა პირველი არხის ინფორმაციით, აღნიშნული არ დასტურდება.
ოფიციალური ინფორმაცია, რომელი სკოლის მოსწავლეები არიან არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე დაკავებული და ძებნილი პირები, ჯერ არ გავრცელებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხორავას ქუჩაზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.
მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.